დეკემბერი 03, 2013

რადიომაუწყებლობის კონკურსებში გამარჯვებული კომპანიები ცნობილია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე რვა ახალი რადიოსამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანია გამოავლინა. რვა სამაუწყებლო ლიცენზიაზე კონკურსში სამი კომპანია, შპს „სამაუწყებლო სახლი“ („ფოლკ რადიო“), შპს „ევროპა პლუს თბილისი“ (რადიო „ვინილი“) და შპს „რადიო საქართველო“ (მედია ჰოლდინგი: „ფორტუნა“, „ფორტუნა+“, „არ დაიდარდო“ და „ავტო რადიო“), მონაწილეობდა.

სამაუწყებლო ლიცენზიები შემდეგნაირად გადანაწილდა:

შპს „სამაუწყებლო სახლი“, იგივე („ფოლკ რადიო“), ორი ახალი სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი გახდა. კომპანიამ კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიებით სარგებლობის უფლება ქ. ბათუმში (8.100 ლარი) და ქ. ქუთაისში (8.910ლარი) მიიღო.

მეორე კონკურსანტი შპს „რადიო საქართველო“ (მედია ჰოლდინგი: „ფორტუნა“, „ფორტუნა+“, „არ დაიდარდო“ და „ავტო რადიო“) იყო. კომპანიამ სამი ახალი რადიომაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, აქედან ორი, ქ. გორში (6.682,50 ლარი) და ქ. ყვარელში (2.227,50 ლარი) კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიებია. კომპანიამ ასევე, ქ. ყვარელში (2.227,50 ლარი) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის  კონკურში გაიმარჯვა.

მესამე კონკურსანტი შპს „ევროპა პლუს თბილისი“, ბრენდული სახელწოდებით რადიო „ვინილი“ იყო. ამ კომპანიამაც სამი სამაუწყებლო ლიცენზიის კონკურსში გაიმარჯვა. კომპანიამ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიები ქ. გორში (6.682,50 ლარი), ქ. თელავში (5.265 ლარი) და ქ. ახალციხეში (4.050 ლარი)  მიიღო.

სამივე გამარჯვებულ კომპანიას თითოეულ სამაუწყებლო ლიცენზიაზე გადასახდელი თანხა თანამბრად გადაუნაწილდებათ ერთ წელზე.

რადიომაუწყებლობის რვავე კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებები, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები