აპრილი 07, 2014

რადიომაუწყებლობის კონკურსში მონაწილე პირების საბუთების მიღება დასრულდა

რადიომაუწყებლობის კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა დოკუმენტაციის მიღება, დღეს 2014 წლის 7 აპრილს, 17:00 საათზე დასრულდა. საბუთები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამმა კომპანიამ შპს „ნიუკომმა“, შპს „ტვ - სახელოსნო მაესტრომ“ და შპს „ევროპა პლუს თბილისმა“ შემოიტანა.

შპს „ნიუკომი“ ქ. ბოლნისში (FM 101.5) და ქ. დმანისში (FM  103.8) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის კონკურსში იღებს მონაწილეობას.

შპს „ტვ - სახელოსნო მაესტრო“ ქ. ბათუმში (FM 102.8) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის კონკურსში იღებს მონაწილეობას

შპს „ევროპა პლუს თბილის“ კი ქ. ბათუმში ( FM 90.9), ქ. დმანისში (FM 103.8), ქ. ფოთში (FM 102.1) და ქ. ხაშურში (FM 102.3) კერძო საერთო რადიმაუწყებლობის კონკურსში იღებს მონაწილეობას.

რადიომაუწყებლობის კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსანტების მიერ კომისიაში წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2014 წლის 11 აპრილს 13:00 საათზე გაიმართება.

რადიომაუწყებლობის კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებითი დასკვნა გამოქვეყნდება და ასევე, ყველა კონკურსანტს და სხვა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება კონკურსთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, 2014 წლის 15 მაისს 13:00 საათზე გაიმართება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც ზემოთ ხსენებულ ქალაქებში, რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიების ვინაობა გამოვლინდება 2014 წლის 19 მაისს 13:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად ექვსი კონკურსი 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები