აგვისტო 26, 2013

რადიომაუწყებლობის კონკურსში შპს „ენერჯი გრუპმა“ გაიმარჯვა

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გაიმართა. თბილისში მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი შპს „ენერჯი გრუპი“ გახდა.

კომპანია FM 93.5 მაუწყებლობის დაწყებას ლიცენზიის მიღებიდან ორი თვის ვადაში გეგმავს და ახალი რადიო არხის ბრენდული სახელწოდება „ზენიტი“ იქნება.

„ენერჯი ინვესტი“ საკონკურსო პირობების თანახმად, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი გახდა. კომპანიამ დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა - 12 საათი უნდა უზრუნველყოს. რადიო „ზენიტი“ ეკონომიკასა და ბიზნესში, ასევე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე გეგმავს გადაცემების მომზადებას, თუმცა სალიცენზიო პირობების თანახმად რადიომაუწყებლის მიმართ  პროგრამირების შემდეგი მინიმალური მოთხოვნები იქნება წაყენებული, არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემებით მაუწყებლობა.

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი 2013 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობას ხუთი კომპანია იღებდა, ესენია: შპს „არტპალასი“, შპს „ენერჯი გრუპი“, შპს „სტერეო+“, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ და შპს „არტ რადიო“.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები