სექტემბერი 22, 2014 17:55

რადიომაუწყებლობის კონკურსზე საბუთების მიღების ვადა ამოუწურა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადა ამოიწურა.

განაცხადი სულ ხუთმა კომპანიამ წარმოადგინა. აქედან დედაქალაქში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას სამი კომპანია შპს „მედიასტრიმი“, შპს „არტ რადიო“ და შპს „კაუკასუს ბიზნეს ვიქი“  შეეცდება. დაბა გუდაურში კი 103.9 მგჰ სიხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღებას შპს „რადიო ცენტრი პლუსი“ (რადიო პალიტრა) ეცდება, ხოლო 104,7 მგჰ სიხშირეზე დაბა გუდაურში კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებას შპს „მედიასტრიმი“ ეცდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შვიდი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი 2014 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით გამოაცხადა, თუმცა განაცხადი მხოლოდ სამ გეოგრაფიულ ერთეულზე შემოვიდა. ქ. ზუგდიდში, ქ. ბათუმში, ქ. თელავში და ქ. ქუთაისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განაცხადი არც ერთმა კომპანიამ არ წარმოადგინა.

რადიომაუწყებლობის კონკურსის მოსამზადებელი სხდომა, სადაც დედაქალაქსა და დაბა გუდაურში რადიომაუწყებლობის კონკურსში მონაწილე პირების დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება 2014 წლის 25 სექტემბერს 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 24 ოქტომბერს 13 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე კონკურსში მონაწილე პირების სამაუწყებლო კოცნებციების შესახებ კომისიის დასკვნა გამოქვეყნდება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა 2014 წლის 27 ოქტომბერს 13:00 საათზე გაიმართება და სამივე გეოგრაფიულ ერთეულში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები