იანვარი 21, 2013

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღება დასრულდა

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების რეგისტრაცია დასრულდა.

რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღების სურვილი საქართველოს 12 სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ხუთმა კომპანიამ გამოთქვა, ესენია – შპს „ფოლკ რადიო“, შპს „სტერეო+“, შპს „რადიოცენტრი პლუს“, ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის“, შპს „ქართული რადიო“.

კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსი  21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. 17 ადმინისტრაციულ ერთეულში (დაბა შუახევი, დაბა ხულო, ქ. ოზურგეთი,  ქ. ტყიბული, ქ. ჭიათურა, დაბა გუდაური, დაბა სტეფანწმინდა,   ქ. ონი, ქ. ამბროლაური, დაბა ლენტეხი, ქ. ცაგერი, დაბა ასპინძა, ქ. ახალციხე, ქ. ბორჯომი, ქ. ბოლნისი, ქ. წალკა, ქ. ქუთაისი) კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა, ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში (ქ. ახმეტა) კი კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად.

კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2013 წლის 25 თებერვალს 13:00 საათზე  გაიმართება. 2013 წლის 24 იანვარს, 13:00 საათზე  მოსამზადებელი სხდომა ჩატარდება, სადაც გაიხსნება კომპანიების მიერ წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია, ზეპირი მოსმენის სხდომა კი 2013 წლის 21 თებერვალს, 13:00 საათზე ჩატარდება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები