ივლისი 01, 2015 17:59

რადიომონიტორინგის შავნაბადას სადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

1 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიომონიტორინგის სტაციონარული სისტემის  შავნაბადას სადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. სადგური თელეთის ქედზე განთავსდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებმა და თანამშრომლებმა სადგურის ოფისის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს ტექსტით: „2015 წლის 1 ივლისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაარსებიდან 15 წლისთავის აღსანიშნავად, თელეთის ქედზე  რადიომონიტორინგის სტაციონარული სისტემის შავნაბადას სადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა“.

სადგურის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიალში მონაწილეობდნენ კომისიის სტუმრები, გერმანიის მარეგულირებელი ორგანოს (The Federal Network Agency) მაუწყებლობის დეპარტამენტის უფროსი ელმარ ცილესი და მისი მოადგილე  საშა ფალაჰატი.

2015 წლის 1 ივლისი მნიშვნელოვანი თარიღია ტელესაკომუნიკაციო სფეროში, რადგან  საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი დაიწყო. ანალოგური მაუწყებლობის სიგნალი თბილისსა და მის შემოგარენში (საგარეჯო, რუსთავი, მარნეული, კოჯორი, მცხეთა და მიმდებარე ტერიტორია) დღეს, 10:00 საათზე გაითიშა. რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შავნაბადის სადგურის ტერიტორიაზე რადიომონიტორინგის შედეგად დაადასტურეს, რომ ანალოგური მაუწყებლობის სიგნალები გათიშულია და მხოლოდ ციფრულ ფორმატში  ვრცელდება მაუწყებლობა.

დღეისათვის რადიომონიტორინგის სტაციონარული სისტემა ორ სადგურს მოიცავს, რომლებიც ძეგვისა (თბილისი) და ურთას (ხობი) მთებზეა განთავსებული. შავნაბადას სადგური არსებულ ძეგვის სადგურთან ერთად თბილისისა და მიმდებარე ტერიტორიების მონიტორინგს განახორციელებს. ამ ტერიტორიების სრულყოფილი მონიტორინგისათვის თბილისში კიდევ ერთი სადგური აშენდება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები