წვდომის მენიუ

აპრილი 26, 2016 15:32

რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სტაციონარული სადგურის ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  2016 წლის 22 აპრილს რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სტაციონარული სადგურის ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ტენდერი (SPA160012617) გამოაცხადა.

სადგური აშენდება სოფელ თელეთთან, შავნაბადის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტენდერის შედეგად გამოვლენილი იქნება სამშენებლო კომპანია, რომელიც 60 მეტრის სიმაღლის კოშკურა ანძის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს შეასრულებს. ანძა აღიჭურვება რადიომონიტორინგის უახლესი ტექნიკური საშუალებებით, რომელიც მოწოდებული იქნება საერთაშორისო ტენდერში (SPA150022787) გამარჯვებული ამერიკული კომპანია TCI International, Inc-ის მიერ.  დღეისათვის ამ კომპანიამ ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, უკვე აღჭურვა რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის „ძეგვის“ სტაციონალური სადგური (აშენდა 2006 წელს), რომელიც ამ ეტაპზე რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ერთადერთი სადგურია ქ. თბილისში.

რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სრულყოფილი სისტემის შესაქმნელად,  ქ. თბილისის რელიეფისა და დასახლებული პუნქტების განლაგების გათვალისწინებით, კომისიას განზრახული აქვს მესამე სტაციონალური სადგურის აშენებაც, რომლის აღჭურვას ასევე ამერიკული კომპანია TCI International, Inc განახორციელებს. ამით თბილისი და მიმდებარე ტერიტორია რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ერთიანი სისტემით იქნება უზრუნველყოფილი.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები