წვდომის მენიუ

აპრილი 22, 2016 15:45

სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი “MEDIAFON”-ი გახდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „Mediafon Datapro” და შპს  “Mediafon”–ი, ერთობლივად მოქმედი როგორც “MEDIAFON”-ი, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადა.

სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება ძალაში მისი (დოკუმენტის) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე შევა. გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და “MEDIAFON”-ს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომდევნო ხუთი წლის განამვლობაში საქართველოში სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მომსახურებას, წლიური საფასურით 274 899 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (დღგ-ს გარეშე),  “MEDIAFON”-ი გაუწევს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსი 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობას სამი კომპანია იღებდა: “MEDIAFON”-ი, შპს „მედიაპრო ჯორჯია“ და შპს „პორტაბელობა.ჯი“. თერთმეტკაციანმა საკონკურსო საბჭომ, ხმათა უმრავლესობით სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორად “MEDIAFON”-ი შეარჩია. საკონკურსო საბჭო დაკომპლექტებული იყო  კომისიის აპარატში დასაქმებული ხუთი პირით, ხუთი ყველაზე მსხვილი ოპერატორის - შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „ბილაინის“, სს „სილქნეტის“,  შპს „ახალი ქსელების“ - წარმომადგენლებით და ერთი დამოუკიდებელი ექსპერტით.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა საქართველოს ან უცხო ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელსაც სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების მომსახურება სულ ცოტა ორ ქვეყანაში აქვს დანერგილი, მომსახურების საფასური არ აღემატება 500 000 ევროს და პროგრამული უზრუნველყოფა თავსებადია მოქმედი ოპერატორების სისტემებთან.

კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად  იხილეთ კონკურსის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებები და პრესრელიზები.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები