ივნისი 16, 2011

სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის შესახებ კონფერენცია ბარსელონაში გაიმართა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ნომრის პორტაბელურობის დანერგვის იმპლემენტაცია ევროპის საზღვრებს გარეთ“ – კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ქალაქ ბარსელონაში გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორი, ესპანეთის ტელეკომუნიკაციების ბაზრის კომისიის დახმარებით, ევროპის კომისია იყო.

ორდღიანი კომფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ნომრის პორტაბელურობის დანერგვის სამართლებრიბი, ტექნოლოგიური და პროცედურული საკითხები. ასევე,  დეტალურად იქნა განხილული ევროპული ქვეყნების გამოცდილება ნომრის პორტაბელურობის დანერგვის და შემდგომი რეგულირების კუთხით.

კონფერენციაზე  ევროკავშირში შემავალი ქვეყნების გარდა, პრეზენტაცია მხოლოდ საქართველომ წარმოადგინა, სახელწოდებით „ნომრის პორტაბელურობის წარმატებულად დანერგვის განმსაზღვრელი ფაქტორები და საქართველოს გამოცდილება“.

საქართველოს დელეგაციის მიერ ნაჩვენებ პრეზენტაციას, სააბონენტო ნომრის პორტირების წარმატებით განხორციელების მაგალითს, დიდი გამოხმაურება იმ ქვეყნების მხრიდან მოჰყვა, რომლებიც  ახლა იწყებენ ამ მომსახურების დანერგვას. მოლდოვის და უკრაინის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები უახლოვეს მომავალში, საქართველოში ჩამოსვლას და ნომრის პორტირების დანერგვის და შემდგომი მართვის პროცესის გაცნობას ადგილზე გეგმავენ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები