იანვარი 20, 2012

სააბონენტო ნომრის პორტირების მაჩვენებელი მუდმივად იცვლება

 

 სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურებით როგორც, მობილური ქსელის ასევე, ფიქსირებული ქსელის 107 422 აბონენტმა ისარგებლა. აქედან თითქმის 96 266 აბონენტი უკვე სხვა ქსელის ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს.

პორტირებული აბონენტების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდული აბონენტების რაოდენობით „ჯეოსელი“ ლიდერობს და 2012 წლის 20 იანვრის მონაცემებით „ჯეოსელიდან“ სხვა მობილურ ქსელში 32 914 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ჯეოსელში“ კონკურენტი კომპანიებიდან 45 386  აბონენტი გადაპორტირდა.

მეორე ადგილზეა კომპანია „მობიტელი“, იგივე „ბილაინი“, საიდანაც სხვა მობილურ კომპანიებში 19 413 აბონენტი გადავიდა, ხოლო კომპანიამ პორტირების შედეგად 23 996 აბონენტი შეიძინა.

კომპანია „მაგთიკომი“, სადაც სხვა მობილური ქსელებიდან 30 847 აბონენტი გადავიდა, ხოლო „მაგთიკომიდან“ კონკურენტი კომპანიების მობილურ ქსელებში 47 902 აბონენტი წავიდა.

და ბოლოს, კომპანია „სილქნეტი“, სადაც კონკურენტი კომპანიებიდან 4 მობილური ქსელის აბონენტი გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ სააბონენტო ნომრის პორტირება მობილურ ქსელში 2011 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო.

ფიქსირებულ ქსელში სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურება 2011 წლის 1 დეკემებრს დაიწყო. საერთო ჯამში ფიქსირებული სადენიანი და ფიქსირებული უსადენო ქსელის ათასამდე აბონენტმა ისარგებლა ნომრის პორტირებით. სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიკურება:

„ახალ ქსელებში“ 16 აბონენტი გადავიდა კონკურენტი კომპანიებიდან, „ახალი ქსელებიდან“ კი 63 აბონენტი წავიდა.

კომპანია „მაი ფონმა“ სამი აბონენტი შეიძინა და სამი აბონენტი დაკარგა.

ფიქსირებულ ქსელში სააბონენტო ნომრის პორტირების შედეგად ყველაზე მეტი აბონენტი  კომპანია „სილქნეტმა“ შეიძინა – 900 აბონენტი კონკურენტი კომპანიებისგან. „სილქნეტიდან“ კონკურენტ კომპანიებში ჯერ–ჯერობით არც ერთი აბონენტი არ წასულა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით. კონკურენციის გამძაფრება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების სატარიფო პოლიტიკაზე. ეს ყველაფერი კი სააბოლო ჯამში მომხმარებელების კეთილდღეობას ემსახურება. რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები