ივნისი 16, 2014 16:52

სააბონენტო ნომრის პორტირების ტარიფის შესწავლის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სააბონენტო ნომრის პორტირების უზრუნველმყოფი შპს „მედია პრო ჯორჯიას“ მიერ ამ მომსახურებაზე დაწესებული ტარიფის კვლევისა და ანალიზის მიზნით  დაწყებული საჯარო ადმინისტარციული წარმოება დასრულდა.

ტარიფის შესწავლის მიზნით კვლევის დაწყებას წინ უძღოდა კომისიის 2014 წლის 13 თებერვლის გადაწვეტილება, რომლითაც  საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  კომისიის დებულებაში სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მომსახურებისთვის საფასურის გადახდის სისტემის შესაცვლელად დაიწყო. დღეს მოქმედი რედაქციით, ყველა სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანია ნომრის პორტაბელურობის გადასახადს მათ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსის ოდენობის მიხედვით იხდის, თითოეულ სააბონენტო ნომერზე წელიწადში 0.30 ევრო ცენტს.

კომისიაში 2014 წლის 13 ივნისს გამართულ სხდომაზე შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ სააბონენტო ნომრის პორტირებისთვის დაწესებული ტარიფის (ერთ სააბონენტო ნომერზე 30 ევრო ცენტი) ხარჯზე ორიენტირებულობა ვერ დაასაბუთა. კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელიც ამ მომსახურების დანერგვისთვის გაწეული ინვესტიციებისა და ამ მომსახურების მიწოდებით მიღებული მოგების გონივრულობას განსაზღვრავდა. ამავე სხდომაზე კომისიამ 2014 წლის 1 აგვისტომდე განსაზღვრა ვადა, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია დაიწყოს შპს „მედიაპრო ჯორჯიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი.

ამავე სხდომაზე, კომისიამ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ ქვე-კონტრაქტორი კომპანიის მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურების საფასურის გაანგარიშების შესახებ  ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხიც განიხილა.

კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს კონფიდენციალურ მასალას, ინფორმაცია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში იყო გამოთხოვილი და ის ღია უნდა დარჩეს ყველა დაინტერესებული პირისთვის.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები