სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში, ქ.რუსთავში და ქ. ფოთში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები გამოცხადდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში “კომისია”) განცხადებით მიმართა შპს ”სერვისლაინმა”, შპს ”ვიტელ ჯორჯიამ” და შპს ”საქტელკომ პლუსმა” ქ.თბილისში, ქ.რუსთავში და ქ.ფოთში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონების გამოცხადების შესახებ. ზემოაღნიშნული კომპანიები ახორციელებენ ადგილობრივ საკომუნიკაციო მომსახურებას და ესაჭიროებათ სააბონენტო ნუმერაციის რესურსი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.
კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 2000 ლარს 1 ათასიან ნუმერაციის ბლოკზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ქ.თბილისში, ქ.რუსთავში და ქ.ფოთში არსებობს სააბონენტო ნუმერაციის თავისუფალი რესურსი და შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლებისა და კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს აუქციონები ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიების მისაღებად:
ა) 493XXX - 494XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 4000 (ოთხი ათასი) ლარით;
- აუქციონის ბიჯი შეადგენს 200 (ორასი) ლარს;
ბ) 130XXX - 131XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.რუსთავში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 4000 (ოთხი ათასი) ლარით;
- აუქციონის ბიჯი შეადგენს 200 (ორასი) ლარს;
გ) 47XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.ფოთში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 2000 (ორი ათასი) ლარით;
- აუქციონის ბიჯი შეადგენს 100 (ასი) ლარს;
2. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 20 ივნისის 13:00 საათი;
3. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2008 წლის 23 მაისის 17:00 საათამდე;
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.