აპრილი 25, 2013

საერთაშორისო ზარების ტერმინაციის (განხორციელების) ტარიფი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საერთაშორისო ზარების საქართველოში ტერმინაციის (ზარის განხორციელების) ქვედა ზღვრული ტარიფი ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2012 წლის პირველ მაისიდან  მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში (მობილურ ქსელში) საზღვარგარეთიდან შემომავალი ზარის დასრულების ერთი წუთის ღირებულების ქვედა ზღვრული ტარიფი (კავშირის განხორციელება) 10 აშშ ცენტის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულების ერთი წუთის ღირებულების ქვედა ზღვრული ტარიფი 5 აშშ ცენტის ოდენობით დაადგინა. ტარიფის მოქმედების ვადა 2013 წლის პირველ მაისამდე განისაზღვრა.

საერთაშორისო ოპერატორებისგან კომისიაში შემოსული წერილობითი თხოვნების საფუძველზე კომისიამ საჯარო ადმინისტრაციოული წარმოების შედეგად საერთაშორისო ზარების საქართველოს ტერიტორიაზე ტერმინაციის (ზარის განხორციელების) 2013 წლის 1 მაისამდე დადგენილ ტარიფს მოქმედების ვადა გაუგრძელა.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩატარებული კვლევა-ანალიზის საშუალებით გაირკვა, რომ აღნიშნული ტარიფის დაწესებით საქართველოში რეგისტრირებულმა საერთაშორისო ოპერატორებმა მკვეთრად გაზრდილი შემოსავალი მიიღეს. კომისიაში წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ახალი ტარიფის ამოქმედებიდან ათი თვის მონაცემებით კომპანიების მიერ მიღებულ შემასავალსა და გაწეულ ხარჯებს შორის დადებითმა ბალანსმა 20. 7 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ქვემოთ, თანდართულ დოკუმენტში, მოყვანილ ცხრილში იხილეთ განსხვავება ტარიფის ამოქმედებამდე საერთაშორისო ოპერატორების შემოსავლებსა და ტარიფის ამოქმედების შემდეგ მიღებულ მაჩვენებელს შორის.

კომისიამ აღნიშნული სატარიფო რეგულაციის დადგენა 2005–2011 წლებში საერთაშორისო ტრაფიკის შემომავალი და გამავალი ზარების, ასევე ამ ზარების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავლების და გადახდილი თანხების დინამიკის შესწავლის შემდეგ გადაწყვიტა. საქართველოს ტერიტორიაზე შემომავალი ტრაფიკი (ზარების მოცულობა) მკვეთრად აღემატება გამავალ ტრაფიკს, რაც ადეკვატურად არ აისახებოდა  ქართული კომპანიების შემოსავლებზე, რადგან სხვა ქვეყნებში გაცილებით მაღალი ტარიფი ფიქსირდებოდა.

2011 წელს საერთაშორისო ზარების განხორციელების შედეგად საქართველოს საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებაზე ავტორიზებული პირების საერთო მოგებამ 3.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, განხორციელებული ცვლილებების შედეგად კომისია ვარაუდობდა, რომ იგივე მომსახურებაზე მოგების მაჩვენებელი  20 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდებოდა, რაც ათი თვის მონაცემებით უკვე დადასტურდა.

სწორედ ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და საერთაშორისო ოპერატორების მოთხოვნა ზარების ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფის მოქმედების ვადის გაგრძელება დააკმაყოფილა.

სატარიფო ცვლილება არ ეხება საქართველოდან განხორციელებულ საერთაშორისო ზარების საფასურს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები