ივნისი 27, 2011

სამ რეგიონალურ მაუწყებელს გაფრთხილება მიეცა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, სამი რეგიონალური მაუწყებლის გაფრთხილების საკითხი გავიდა. საუბარია, ქვემო ქართლის სამაუწყებლო კომპანია -  „ქვემო ქართლის ტელე–რადიო კომპანიაზე“, ფოთის სამაუწყებლო ტელეკომპანია ”მეცხრე ტალღასა“ და გურიის „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურიაზე“.

სამივე ტელეკომპანიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას ედავება. კერძოდ, ტელეკომპანიებს დარღვეული აქვთ, მხატვრული ფილმების ორიგინალ ენაზე, ქართული სუბტიტრებით გაშვების წესები.

ფილმების სამაუწყებლო ბადეში ორიგინალ ენაზე ქართული სუბტიტრებით განთავსების შესახებ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები 2009  წლის 31 ივნისს შევიდა; ამავე კანონის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიამ 2009 წლის 30 ოქტომბერს, სამაუწყებლო კომპანიების და სხვა დაინტერესებული  პირების ჩართულობით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, დაამტკიცა №3 დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა სამაუწყებლო კომპანიების მიერ სამაუწყებლო ბადეში ქართულენოვანი სუბტიტრებით ორიგინალ ენაზე დასავლური წარმოების მხატვრული ფილმების განთავსების წესი და ოდენობა.

ამასთან, კომისიამ გაითვალისწინა რა რეგიონალური მაუწყებლების მოსაზრებები, ეროვნული მაუწყებლებისაგან განსხვავებით (2010 წლის 1 იანვრიდან), ქართულენოვანი სუბტიტრებით ორიგინალ ენაზე დასავლური წარმოების მხატვრული ფილმების განთავსების ვალდებულების შესასრულებლად, რეგინალურ მაუწყებლებს დაუდგინა ვადა -  2010 წლის 1 ივლისიდან, ხოლო შემდეგ, 2010 წლის 14 მაისს, რეგინალური მაუწყებლების თხოვნის საფუძველზე, აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადა კომისიის მიერ გადავადდა 2010 წლის 1 სექტემბრამდე (სულ მოსამზადებელი სამუშაოებისათვის რეგინალურ მაუწყებლებს მიეცათ - 10 თვე).

რეალურად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ზემოაღნიშნული კანონისმიერი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი დაიწყო 2011 წლის მარტის თვიდან, ანუ კომისიამ ფაქტიურად 2011 წლის 1 სექტემბრიდან დამატებით  6 თვე მისცა რეგინალურ მაუწყებლებს, მათზე კანონით დაკისრებული ვალდებულების სრულფასოვნად შესრულებისათვის. შემოწმება კომისიამ დაიწყო 2011 წლის მარტის თვიდან, ხოლო მანამდე არაერთი ოფიციალური წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა მათ, ასევე მოაწყო რეგინალურ მაუწყებლებთან შეხვედრები, სადაც  მათ ეცნობათ, რომ კომისია იწყებდა სამაუწყებლო კომპანიების მიერ სამაუწყებლო ბადეში ქართულენოვანი სუბტიტრებით ორიგინალ ენაზე დასავლური წარმოების მხატვრული ფილმების განთავსების მინიტორინგს.

სამწუხაროდ,  მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სს „ქვემო ქართლის ტელე–რადიო კომპანია“, შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა“ და შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურია“ არვევდნენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს, რის გამოც მათ პირველადი სანქცია (არა ფინანსური), წერილობითი გაფრთხილება დაეკისრათ.

გადაწყვეტილებების სრული ვერსია, შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები