წვდომის მენიუ

მარტი 29, 2017 17:27

„სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო!-ბოლო გოზინაყი“ - არ არის დაუშვებელი პროდუქცია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადების საფუძველზე ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ვიდეო რგოლი შეისწავლა - „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო!- ბოლო გოზინაყი“, რომელიც „New Studio“-მ დაამზადა.

ვიდეო რგოლი, რომელიც საჩივრის ავტორთა აზრით, შეიცავდა სასტიკი ძალადობის სცენებს და წარმოადგენდა ბავშვის ფსიქიკისთვის დამაზიანებელ პროდუქციას  განთავსებული იყო www.marketer.ge და www.vtube.ge გვერდებზე. www.marketer.ge-ზე იყო სპეციალური ნიშანდება, რომ ვიდეო შეიცავს არასრულწლოვანთათვის არასასურველ კონტენტს, თუმცა ასეთი გაფრთხილება www.vtube.ge-ზე განთავსებულ იგივე ვიდეო რგოლს არ ედო.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-3 მუხლის ჰ2) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუშვებელი პროდუქცია არის ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია. ამავე რეგლამენტის მე-101 მუხლის თანახმად, ინტერნეტ მომსახურების გამწევი პირი, ინტერნეტ პროვაიდერი ვალდებულია შეიმუშავოს ისეთი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი, თუ გამოვლინდა ან ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ითხოვდა ვიდეო რგოლზე, როგორც  არასრულწლოვანთათვის დაუშვებელ პროდუქციაზე შესაბამისი ნიშანდების დადების დავალდებულებას ვებგვერდებისთვის, შპს „კავკასუს ონლაინის“ , როგორც  .GE  დომენის გამცემის მეშვეობით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკითხი საჯარო სხდომაზე განიხილა,  პროცესში ჩართული იყო, როგორც „New Studio“-ს, ასევე შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები. კომისიამ ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციის მოსმენის შემდეგ, მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი ავტორის გამოხატვის თავისუფლებაა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ შესაბამისად, არ წარმოადგენს დაუშვებელ პროდუქციას. ასევე, ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ პროდუქციაზე ნიშანდების დადების დავალდებულებას ვებგვერდებისთვის საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადება არ დააკმაყოფილა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები