ივლისი 14, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უკმაყოფილო მომხმარებელი მიმართავს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პერიოდულად უკმაყოფილო მომხმარებელი მიმართავს. ქართული საზოგადოების უკმაყოფილებას საკაბელო ოპერატორების მიერ სამაუწყებლო არხების ხშირი ცვლილება იწვევს.

ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ასზე მეტი საკაბელო ოპერატორი ფუნქციონირებს. ეს ოპერატორები საკუთარ საკაბელო ქსელში სხვადასხვა საფასურის სანაცვლოდ მომხმარებელს გარკვეული სამაუწყებლო არხების ტრანზიტს სთავაზობენ. სამაუწყებლო არხების სამომხმარებლო პაკეტებიც განსხვავებულია.  

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურს გახდეს მაუწყებლობის ტრანზიტორი საკაბელო ოპერატორი, ვალდებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიაროს ავტორიზაცია (განაცხადოს საქმიანობის დაწყების თაობაზე), ავტორიზაცია უფასოა. შემდეგ იმ სამაუწყებლო არხებზე, რომელთა რეტრანსლირებასაც საკუთარ საკაბელო ქსელში გეგმავს, მოიპოვოს შესაბამის ნებართვები, თავად ამ სამაუწყებლო არხებისაგან ან მათი უფლებამოსილი დისტრიბუტორებისაგან. საკაბელო ოპერატორი ასევე, ვალდებულია საკუთარ აბონენტებს გაუფორმოს მომსახურების გაწევის ხელშეკრულება და უზრუნვყოს ის საჭირო ინფორმაციით. სხვა დამატებითი მოთხოვნები საკაბელო ოპერატორებისთვის კანონმდებლობით დადგენილი არ არის. საკაბელო ოპერატორის მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უწევს ზედამხედველობას. 

სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები როდესაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ვლინდება სხვადასხვა სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების ფაქტები. იმის გამო, რომ საკაბელო ოპერატორები სხვადასხვა არხების რეტრანსლირებაზე არ აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებებს (არ მოიპოვებენ სანებართვო წერილებს), ზარალდება მომხმარებელი, რომელიც საკაბელო ოპერატორთან ხელშეკრულებას აფორმებს მისთვის სასურველ პაკეტზე, ხოლო შემდეგ საკაბელო ოპერატორის მიერ არამართლზომიერად ტრანსლირებული არხები მომხმარებლის გაუფრთხილებლად ითიშება.

გარდა ამისა, ირღვევა საქართველოს  მიერ ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის № 3344 დადგენილებით),  ნაკისრი ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტში“ უახლოვეს მომავალში შევა ცვლილებები. ცვლილებების თანახამად, ყველა საკაბელო ოპერატორს დაევალება ოფიციალური ვებ-გვერდის გახსნა, სადაც ასევე სავალდებულო წესით განთავსდება მომხმარებლებისათვის მისაწოდებელი პაკეტები, სამაუწყებლო არხებით, რომლებსაც ეს ოპერატორი სთავაზობს მომხმარებელს და ასევე, მომსახურების საფასური პაკეტების მიხედვით. საკაბელო ოპერატორებს დაევალებათ, პაკეტში ცვლილების შეტანის შემთხევაში 10 სამუშაო დღით ადრე აცნობოს მომხმარებელს.

ეს ცვლილება მომხმარებელს საშუალებას მისცემს წინასწარ გაეცნოს შეთავაზებულ მომსახურებას, ასევე, თავად აირჩიოს არხების ჩამონათვალი და გადასახდელი თანხის ოდენობა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კი გაუადვილებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცესს.

ასევე, გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ გარკვეულ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების ნებართვა არც ერთ საკაბელო ოპერატორს არ გააჩნია,  ესენია: „DTB”, “THT”, “CTC” და “HTB+”–ის პაკეტში შემავალი გარკვეული არხები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას მხედველობაში იქონიოს ეს ინფორმაცია და საკაბელო ოპერატორთან ხელშეკრულების გაფორმების დროს გაითვალისწინოს. მომხმარებელი ხომ ამ მომსახურებას გარკვეული საფსურის ნაცვლად იღებს.

კომისია დამატებით განმარტავს, რომ საკაბელო ოპერატორი უფლებამოსილია მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით თავად განსაზღვროს შესათავაზებელი სამომხმარებლო პაკეტის შინაარსი (სამაუწყებლო არხები) და ფასი, კომისია, თავის მხრივ, არ ერევა ამ პროცესში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოუწოდებს მომხმარებლებს დაიცვან საკუთარი უფლებები, კომისია ყველა დაინტერესებულ პირს გაუწევს კონსულტაციას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები