იანვარი 24, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში „ღია კარის დღე“ გაიმართა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მორიგი „ღია კარის დღე“ გაიმართა.

წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსმა, კახი ყურაშვილმა სემინარი ჩაატარა. კომისიაში გამართულ, რიგით მეორე „ღია კარის დღის“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წლის აპრილის თვეში განხორციელებული ცვლილებების შესახებ და ასევე, ნუმერაციის ეროვნული გეგმის თანახმად 2011 წელს განხორციელებული ცვლილებების შეჯამების შესახებ განმარტებები მოისმინეს.

რიგით მეორე „ღია კარის დღის“ ფარგლებში ჩატარებული შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც თბილისში მოქმედი სამაუწყებლო კომპანიების ჟურნალისტები, ასევე რეგიონალური მაუწყებლები და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები. დისკუსია კითხვა–პასუხის რეჟიმში საკმაოდ დინამიურად მიმდინარეობდა.

გვინდა განვმარტოთ, რომ კომისიის „ღია კარის დღე“  იმართება იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც აშუქებენ მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ მიმდინარე მოვლენებს. ვფიქრობთ, რომ კომისიის „ღია კარის დღეების“ ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და ცოდნა მათ დაეხმარებათ, მომავალში საკუთარი პროფესიული საქმიანობის უკეთ შესრულებაში.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები