ივლისი 01, 2015 12:39

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 15 წლისაა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირებიდან 15 წელი გავიდა.  კომისიის პირველმა თავმჯდომარემ ვახტან აბაშიძემ და კომისიის წევრებმა კახი პოპიაშვილმა და დავით პატარაიამ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პირველი სხდომა 2000 წლის 1 ივლისს გამართეს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2000 წელს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ჩამოყალიბდა; მოგვიანებით ეს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებმა ჩაანაცვლა.

კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას.  იგი  ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წინაშე და ხელისუფლების სამივე შტოს წარუდგენს თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს.

კომისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, მისი შემოსავლის წყარო რეგულირების საფასურია, რომელსაც მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირები იხდიან.

კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება. კომისიის დაკომპლექტებაში ჩართულია როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისულება. კომისიის წევრები კომისიის თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრის გზით, სამი წლით, მხოლოდ ერთი ვადით ირჩევენ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წლების განმვალობაში ხელმძღვანელობდნენ: ვახტანგ აბაშიძე (2000-2004), დიმიტრი ქიტოშვილი (2004-2007), ზურაბ ნონიკაშვილი (2007), გიორგი არველაძე (2007-2009), ირაკლი ჩიქოვანი (2009-2013), კარლო კვიტაიშვილი (2013). საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები იყვნენ: გიორგი ფრუიძე (2005-2009), სოფიო ბრიტანჩუკი (2008-2015), აკაკი სიხარულიძე (2009-2015) და ირაკლი მოსეშვილი (2009-2015).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  დღევანდელი შემადგენლობას ვახტანგ აბაშიძე ხელმძღვანელობს; კომისიის წევრები არიან: ელისო ასანიძე, კახი ბექაური,  გიორგი ფრუიძე და მერაბ ქათამაძე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შექმნის დღიდან კომისიის აპარატში  მუშაობენ: იოსებ აბულაძე, ნინო კალანდაძე, გულნარა რევაზიშვილი, იზოლდა საგანელიძე, რევაზ სვანიძე, მაია ქადეიშვილი, თემურ ძაგნიძე, იოსებ ხარებავა და ნატო ჯანელიძე.

საქართველოში მაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ–ერთი ყველაზე კარგად განვითარებული სფეროა და მისი  მაჩვენებელი  პრაქტიკულად არ ჩამორჩება მსოფლიოს სხვა  ქვეყნების განვითარების  დონეს. 2000-2014 წლებში დარგის მომსახურებების საახების ზრდასთან ერთად, შემოსავლები თითქმის 10-ჯერ გაიზარდა  (2000 წელს -  120 მლნ, 2014 წელს  - 1 მილიარდ174 მილიონი). მხოლოდ 2014 წელს სხვადასხვა გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანმა 301 მილიონი ლარი შეადგინა.

კომისია ამ ეტაპზე ახალი გამოწვევის წინაშე დგას -  2015 წლი 16 ივნისს კომისიის აპარატის სტრუქტურული რეორგანიზაციის მიზნით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

ორგანიზაციული რედიზიანის მიზნებია: მოქნილი სტრუქტურის ჩამოყალიბება შესაბამისად, კომისიის და მისი აპარატის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა; ადამიანური რესურსის მართვის გამართული სისტემის ფორმირება; სამუშაო დროისა და ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაცია და სხვა.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები