საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია EaPeReg ქსელის ექსპერტთა ჯგუფებს უმასპინძლებს
თბილისი, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“
(თავისუფლების მოედანი #4) 09:00 საათი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2016 წლის 2-3 თებერვალს EaPeReg ქსელის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების პირველ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლებს. ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებულნი არიან აღმოსავლეთ პარტნიორობისა (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) და ევროკავშირის (გერმანია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი) ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები. ჯგუფებში იმუშავებენ, ასევე, მაკედონიის ელექტრონული კომუნიკაციების სააგენტოს ექსპერტები.
თბილისის შეხვედრის მიზანია ჯგუფების სამუშაო გეგმისა და ფორმატის შემუშავება და დამტკიცება, ევროპის ექსპერტთა ჯგუფების გამოცდილების გაზიარება, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის განხილვა და სხვა.
შეხვედრებს გახსნიან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და ამავე კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე.
სიხშირული სპექტრისა და ბენჩმარკინგის (შედარებითი ანალიზის) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფები 2015 წლის 5 ნოემბერს EaPeReg ქსელის პლენარულ სესიაზე კომისიის ინიციატივით შეიქმნა.
სიხშირული სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (SEWG) თავმჯდომარეა გერმანიის მარეგულირებელი სააგენტო, ელმარ ცილესის (მაუწყებლობის დეპარტამენტის უფროსი) წარმომადგენლობით; ხოლო თანათავმჯდომარე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომან ქურდაძის (რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი) წარმომადგენლობით. ჯგუფის წევრები კომისიის აპარატიდან, ასევე, არიან: სერგო შავგულიძე (რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი) და ნოდარ ასპანიძე (რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი). სერგო შავგულიძე გააკეთებს მოხსენებას თემაზე „IMT სისტემების მომავალი“.
ბენჩმარკინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (BEWG) თავმჯდომარეა მოლდოვას ეროვნული მარეგულირებელი სააგენტო, რომან ბაჰნარუს (მარეგულირებელი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე) წარმომადგენლობით; ხოლო თანათავმჯდომარე - რუმინეთის მარეგულირებელი ორგანო, ბოგდან ვასილესკუს (ეკონომიკური რეგულირების დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემების განყოფილების უფროსი) წარმომადგენლობით. ჯგუფის წევრები კომისიის აპარატიდან, ასევე, არიან: დავით გოგიჩაიშვილი (კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი) და რატი სხირტლაძე (ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი), რომელიც გააკეთებს მოხსენებას მონაცემთა შეგროვების საკითხზე.
პასუხისმგებელი ჯგუფების ორგანიზაციულ საკითხებზე, შესაბამის ევროპულ ჯგუფებს შორის ურთიერთთანამშრომლობის კოორდინაციის ჩათვლით, არის მზია გოგილაშვილი (სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
EaPeReg-ის ქსელის შესახებ
ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმა, ქსელი, შეიქმნა 2012 წლის 11 სექტემბერს, მოლდოვაში გამართულ პლენარულ სესიაზე, ავსტრიის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს ინიციატივითა და ევროკომისიის ხელშეწყობითა და დაფინანსებით.
ქსელის საქმიანობის მიზანი და ამოცანა
ქსელის საქმიანობის მიზანია პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ-სოციალური განვითარების ხელშეწყობა მათი ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრების განვითარების გზით.
EaPeReg პროექტის ამოცანაა, დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, უკეთ გაერკვნენ ისეთი რთული საკითხების რეგულირებაში, როგორიცაა ელექტრონული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული საზოგადოების სფეროები.
დეტალური ინფორმაცია ქსელისა და მისი საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქსელის ვებ-გვერდზე: www.eapereg.eu ან დაუკავშირდეთ ქალბატონ მზია გოგილაშვილს: mgogilashvili@gncc.ge .