მარტი 15, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 15 მარტის №128/22 გადაწყვეტილებიდან ამონაწერი

 

(გადაწყვეტილებითი ნაწილი)

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ13 პუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის, 591-ე მუხლის პირველი ნაწილის, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“  მე-13 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, 4 ხმით (ერთმა თავი შეიკავა):

 

გადაწყვიტა:

 

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-13 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების და შპს „ტელეიმედის“ კერძო მაუწყებლობის NB16 ლიცენზიის №2 დანართის  ა) პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის გამო, შპს „ტელეიმედს“ დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში, საკუთარ ეთერში 20:00 საათიანი ახალი ამბების გამოშვება „ქრონიკაში“ გადასცეს დეკლარაცია, მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე;

 

2. დამტკიცდეს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული დეკლარაციის ტექსტი შემდეგი რედაქციით:

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 15 მარტის N128/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, გადმოგცემთ დეკლარაციას შპს „ტელეიმედის“ მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობისა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დარღვევის თაობაზე.

2010 წლის 13 მარტის 20.00 საათზე პროგრამაში ”სპეციალური რეპორტაჟი” გადაიცა ინსცენირებული ახალი ამბების გამოშვება „ქრონიკა“, სადაც ნათლად არ ყოფილა განმარტებული, რომ გადაცემა იყო დადგმული და არ იყო რეალური ფაქტებისა და მოვლენების აღწერა; გადაცემის შინაარსისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ტელემაუწყებელმა აუდიტორიის გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა და ცალკეულ შემთხვევებში გამოიწვია საზოგადოებრივი მღელვარება.

აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის, შპს ”ტელეიმედის” №B16 ლიცენზიის პირობისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დარღვევას.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა.

შპს ”ტელეიმედი” №B16 ლიცენზიის პირობების შესაბამისად ვალდებულია თავის საქმიანობაში დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნები.

”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს ”ტელეიმედი” ვალდებული იყო არ დაეშვა საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შპს ”ტელეიმედს” თავი უნდა შეეკავებინა ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში ინსცენირების გამოყენებისგან ან გარკვეული ნიშანდებით ნათლად უნდა განემარტა, რომ ეს არის დადგმა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის და ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-13 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების  დარღვევის გამო,  შპს ”ტელეიმედს” დაევალა დეკლარაციის გამოქვეყნება.

შპს „ტელეიმედი“ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის, შპს ”ტელეიმედის” №B16 ლიცენზიის პირობებისა და ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” დარღვევისა და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი პროგრამის გადაცემის გამო, ბოდიშს უხდის მაყურებელს და  ამავდროულად გამოთქვამს მზადყოფნას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განიხილოს მოქალაქეთა ყოველი ინდივიდუალური საჩივარი.”;

 

3. შპს ”ტელეიმედი” ვალდებულია 2010 წლის 13 მარტის 20.00 საათზე პროგრამაში ”სპეციალური რეპორტაჟი” გასული ინსცენირებული ახალი ამბების გამოშვება „ქრონიკასთან“ დაკავშირებით, შპს ”ტელეიმედის” თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მოქალაქეთა ინდივიდუალური საჩივრების წარმოებაში მიღებისა და განხილვის შედეგების თაობაზე აცნობოს კომისიას და წარმოუდგინოს შესაბამისი ანგარიში ეტაპობრივად, მიღებული გადაწყვეტილებების დამოწმებული ასლებით; 

 

4. განემარტოს შპს ”ტელეიმედს”, რომ მის მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული ეფექტური თვითრეგულირების მექანიზმის დაუყოვნებლივ აუმოქმედებლობის შემთხვევში, კომისია, მის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს;

 

5. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი) შეიმუშავოს წინადადებები, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელთა მიერ ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მოთხოვნათა შესრულებასა  და თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტური მუშაობაზე  მონიტორინგის განხორციელებისათვის;

 

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გადაწყვეტილებითი ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

                                                                                                               

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები