ივლისი 13, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება

 

"ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ დღეს გავრცელებული „პროტესტი“, კომისიის მიერ ცალკეული საკაბელო ქსელის ოპერატორების  მხრიდან კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცმობის თაობაზე, კომისიითვის მიუღებელია.

კომისიას მიაჩნია, რომ მის მიერ გამოცემული ნებისმიერი სამართლებრივი აქტი არის ერთი მთლიანობა და მისი ცალკეული პუნქტების ამოგლეჯილად სამართლებრივი აქტის სხვა ნაწილებისგან მოწყვეტით ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სხვა არაფერი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „გაპროტესტებული“ გადაწყვეტოლების სამოტივაციო ნაწილში მკაფიოდ და ცალსახად არის აღნიშნული, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების (საკაბელო ოპერატორებს) მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების ნებართვის შესახებ  მხოლოდ ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას. უფრო მეტიც, გადაწყვეტილებებში დაკონკრეტებულია, რომ კომერციული საიდუმლოების ქვეშ ექცევა ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც შეეხება კომპანიების მიერ გადასადელ თანხებს, ფინანსური ხასიათის უფლება–მოვალეობებს, ასევე, სამაუწყებლო არხის ტრანზიტის პირობებს. ამ სახის ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, არანაირად არ შეიძლება ზღუდავდეს ბაზარზე მოქმედი სხვა ოპერატორების უფლებებს, მათ შორის, რეტრანსლირების მართლზომიერების დადგენის კუთხითაც. ვინაიდან კომერციულ საიდუმლოებად  არ ცნობილა არც–ერთი ხელშეკრულება ექსკლუზიური უფლებების მინიჭების თაობაზე და მეორე, ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც შეეხება ხელშეკრულების დადების თარიღს, კონტრაჰენტ მხარეთა ვინაობას, თავად კომისიის გადაწყვეტილებებში ღიად არის დაფიქსირებული. ხოლო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები, როგორც მოგეხსენებათ საჯაროა და ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ. გვერდზე (www.gncc.ge ).

დამატებით უნდა განვმარტოთ, რომ ამ ხელშეკრულებების მოქმედების ვადაც არ წარმოადგენს კომერციული საიდუმლოს მქონე ინფორმაციას და კომისიის გადაწყვეტილების საერთო შინაარსიდან გამომდინარე ვერანაირად ვერ ჩაითვლება კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციად.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია კომისიის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არის დაუსაბუთებელი, ხოლო პროტესტი უსაფუძვლო.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები