აპრილი 04, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმიანება ბოლო პერიოდში, სამაუწყებლო კომპანია ააიპ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიას“ შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ტელემაუწყებლობა ივერიამ“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემაზე თანხმობა 2011 წლის 26 აგვისტოს მიიღო. კომპანიას მაუწყებლობა, მის მიერვე წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ლიცენზიის გაცემის დღიდან ორი თვის განმავლობაში უნდა დაეწყო. ლიცენზიის სახეობაა საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – ქ. თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. ზუგდიდი, ქ. ფოთი, ქ. სენაკი, ქ. ქუთაისი და ქ. რუსთავი, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 18 საათი, რაც ასევე ლიცენზიის მაძიებელის განაცხადში იყო მოთხოვნილი.

განვმარტავთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელმძღვანელობს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონებით. აქედან გამომდინარე მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს შორის კერძო ურთიერთობები არ წარმოადგენს კომისიის რეგულირების სფეროს. ამავე დროს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობა არ ნიშნავს მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიების ვალდებულებას ჩასვას საკუთარ საკაბელო ქსელში ესა თუ ის სამაუწყებლო არხი.

ყველა სამაუწყებლო კომპანიისთვის გასათვალისწინებელია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74–ე მუხლის თანახმად, ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის შეჩერება შეუძლია გადაბმულად 90 დღე ან წყვეტილად წელიწადში 120 დღე.

მაუწყებლობა არის ჩვეულებრივი ბიზნესს საქმიანობა და ყველა სამაუწყებლო კომპანიამ თავად უნდა იზრუნოს საკუთარი პროდუქტის უკეთ გაყიდვაზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები