აპრილი 04, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმიანება „გლობალ TV“-ის დღეს გამართულ პრესკონფერენციას.

უსაფუძვლოა კომპანია „გლობალ TV“-ის ბრალდებები, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომისია ცდილობს „გლობალ TV“-ს ბაზრიდან გაძევებას, რის დასადასტურებლადაც კომისიის მიერ არხ „THT“-ს რეტრანსლაციისგან თავის შეკავების ფაქტი მოყავს.

განვმარტავთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არხ „THT“-ს რეტრანსლირებისგან თავის შეკავება,   მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა იმ პირს მოსთხოვა, რომელებიც საკუთარი საკაბელო ქსელით აღნიშნული არხის რეტრანსლირებას ახორციელებენ, რადგან კომისიაში „THT“-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, ხოლო კომისიაში, თავად საკაბელო ოპერატორების, მათ შორის „გლობალTV“–ს მიერ, მიუხედავად კომისიის არაერთგზის კანონიერი მოთხოვნისა (იხ. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 2, პ.“ჰ45“, მუხ. 19, პ.2, „ა“ ქვეპუნქტი),  დღემდე არ არის წარმოდგენილი ამ არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

აქვე გვინდა დავამატოთ, რომ კომისიაში შემოსულია შპს „მაგთიკომის“ წერილი, რომლითაც კომპანია კომისიას ატყობინებს, რომ მისი მცდელობის მიუხედავად კომპანიამ არხ  „THT“-ს რეტრანსლირების ნებართვა ვერ მოიპოვა, ვინაიდან მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არხ „THT“-ს საქართველოში მოღვაწე ავტორიზებულ პირებისათვის არ აქვს გადაცემული უფლება საკუთარი მაუწყებლობა გაავრცელონ საქართველოს ტერიტორიაზე; ამავე წერილით შპს „მაგთიკომი“ კომისიისგან ითხოვს მონიტორინგის განხორციელებას თუ რამდენად მართლზომიერად აქვთ განთავსებული თავინთ ქსელში სხვა საკაბელო ოპერატორებს აღნიშნული სამაუწყევლო არხი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები