აპრილი 12, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმიანება მედიაგაერთიანება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" პეტიციას.

მიგვაჩნია, რომ მედიგაერთიანების განცხადებით საზოგადოებისთვის ცალმხრივი და არასრული ინფორმაციაა მიწოდებული, რითაც მედიის სფეროს ხელოვნური პოლიტიზება ხდება.

გვინდა განვმარტოთ, რომ კომისიამ შიდა ქართლში მონიტორინგი შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ჩაატარა. ტელეკომპანია „თრიალეთი“ კომისიას ატყობინებდა, რომ ხაშურში მოქმედი ტელეკომპანია „დია“ გარკვეული რადიოსიხშირულ სპექტრს კანონდარღვევით იყენებდა. მონიტორინგის შედეგად კანონდარღვევა შპს „დიას“ არ დაუფიქსირდა, თუმცა ამავე მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ საკაბელო ოპერატორი (და არა მაუწყებელი) შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ 11.864-12.064 მჰც რადიოსიხშირულ სპექტრს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე იყენებდა. ეს დარღვევა დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმებითა და შემოწმების შედეგად შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით.

აქედან გამომდინარე, კომისიამ შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით. ამავე დროს, კომპანიას დაუყოვნებლივ აეკრძალა შესაბამისი უფლების გარეშე  რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობა.

დამატებით ავღნიშნავთ, რომ  შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ორ სხვადასხვა სახის ბიზნეს საქმიანობას ეწევა, კომპანია ახორციელებს ტელემაუწყებლობას და ასევე, მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ერთი და იგივე იურიდიული პირის პირობებში. ამ შემთხვევაში კომისიამ შპს ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთი“ დააჯარიმა, როგორც მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანია და არა როგორც მაუწყებელი.

აქვე ვაცხადებთ, რომ ეს უკვე მერამდენე მცდელობაა „თრიალეთის“ მხრიდან საკითხის პოლიტიზირებით საკუთარი დარღვევების გადაფარვის. კომისია ყოველთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს. კანონის წინაშე კი ყველა პირი თანაბარია.

რაც შეეხება ტელეკომპანია „მე–9 არხს“ (შპს „იგრიკა“), აბსოლუტურად უსაფუძვლოა პრეტენზია ტელეკომპანიაზე ზეწოლის შესახებ. შეგახსენებთ, რომ სწორედ კომისიის გადაწყვეტილებით მიიღო ტელეკომპანია „მე–9 არხმა“ („იგრიკამ“) ჯერ საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია, მოგვიანებით კი თანამგზავრული მაუწყებლობის უფლებაც. ასევე, მარტის თვეში კომპანია აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელიც გახდა. ასევე, უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს კომისია ზეწოლას ახორციელებს საკაბელო ოპერატორებზე, რომ მათ არ გაავრცელონ საკუთარ ქსელში აღნიშნული არხი. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მსგავს კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში არასდროს არ ერევა, რადგან ის მის რეგულირების სფეროში არ შემოდის.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები