აგვისტო 03, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია „Must Carry”-ს პრინციპის განხორციელების მიმდინარე მდგომარეობის თაობაზე.

 2012 წლის 3 აგვისტოს 15:00 საათის მდგომარეობით, თანამგზავრული ტელეკომპანია „მეცხრე არხი“, რომელმაც უზრუნველყო საკუთარი სიგნალის მიტანა საკაბელო კომპანიებში და მოსთხოვა მათ სიგნალის გატარება, უკვე ჩაჯდა საქართველოს მასშტაბით ყველა ძირითადი მსხვილი საკაბელო კომპანიის პაკეტში, კერძოდ, „კავკასუს ტვ“-ში, „სუპერ ტვ“-ში ,“ჯი-ენ-ენ“-ში, „მაგთისატში“, „მეშვიდე არხში“, „BATUMI MEDIA GROUP”-ში, “TV ERA”-ში, „სატელიტსერვისში“, ხოლო 15:00 საათიდან დაიწყო სიგნალის გავრცელება „სილქ ტვ“-ს ქსელშიც.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საკაბელო კომპანიების მომსახურებით სარგებლობს 180 000 ოჯახი; ბოლო მონაცემებით, თანამგზავრული მაუწყებლის „მეცხრე არხის“ სიგნალი უკვე ხელმისაწვდომია დაახლოებით 145 000 ოჯახისთვის.

 ამავდროულად გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის ბაჩო კიკაბიძის 2012 წლის 3 აგვისტოს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“, „must carry”-ს პრინციპის შესაბამისად, არც ერთ საკაბელო კომპანიას არ მიმართავს მაესტროს სამაუწყებლო სიგნალის საკაბელო პაკეტში განთავსების მოთხოვნით.

კომისია მოუწოდებს ტელეკომპანია „მაესტროს“, რომ იხელმძღვანელოს საარჩევნო პერიოდში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი საჯარო ინტერესით, ნუ შექმნის „must carry”-ს პრინციპის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ ხელოვნურ ბარიერებს, დროულად მიმართოს და მიაწოდოს სამაუწყებლო სიგნალი საკაბელო კომპანიებს, რათა მათ შეძლონ ტელეკომპანია „მაესტროს“ სამაუწყებლო არხის საკუთარი აბონენტებისათვის შეთავაზებულ პაკეტებში განთავსება და მაყურებლამდე მიტანა.

კომისიამ არაერთხელ განმარტა, რომ მაუწყებელმა უნდა მიიტანოს სამაუწყებლო სიგნალი საკაბელო კომპანიამდე და უნდა მოსთხოვოს (და არა სთხოვოს) მას სამაუწყებლო არხის საკაბელო პაკეტში ჩასმა. კომისიას რჩება შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელთა მიერ კომისიის განმარტებების დამახინჯება (მოთხოვნის „ხვეწნა-მუდარის წერილად“ მიჩნევა) მიზნად ისახავს პრობლემის ხელოვნურად შექმნას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს.

კომისია ასევე ეხმიანება კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადებას და მოუწოდებს მას ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, თითქოს კომისიის მიერ კანონის არასწორი ინტერპრეტაციის გამო „Must Carry”-ს პრინციპის შესრულება მინიმუმ ორი კვირით დაგვიანდება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებაა საკუთარი მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა საერთო მაუწყებლის სიგნალი. საერთო მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო სიგნალის საკაბელო კომპანიამდე მიტანისთანავე, საკაბელი კომპანიას სჭირდება საათები და არა 2 კვირა სიგნალის აბონენტამდე მისატანად.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები