წვდომის მენიუ

ნოემბერი 22, 2016 17:48

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა. სტატიის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ქონებრივ დეკლარაციაში არ უთითებს ოჯახის წევრთა ბიზნესში ჩართულობის ფაქტებს და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს არღვევს.

„გავეცანი თქვენს პუბლიკაციას და შევეცდები განვმარტო რა ინფორმაციას "ვუმალავ" საზოგადოებას ნებსით თუ უნებლიედ.  ვადასტურებ, რომ წლების მანძილზე ვარ ორი საწარმოს - შპს "ოპტიმა მენეჯმენტის" და შპს "დეგაპრინტ+"-ის პარტნიორი (მითითებულია ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში), რომელთა საქმიანობა არ განეკუთვნება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროს. 2014 წლის აპრილის თვეში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად არჩევის  შემდეგ აღარ ვასრულებ შპს "ოპტიმა მენეჯმენტის" დირექტორის მოვალეობას, რაც, სამწუხაროდ, არ არის ასახული სამეწარმეო რეესტრის მონაცემებში. რაც შეეხება ჩემი ზრდასრული შვილების ჩართულობას სამეწარმეო საქმიანობაში, რის თაობაზეც თქვენი პუბლიკაციიდან შევიტყვე, დავადგინე, რომ: შპს  "Advertus"-ს, რომლის 33% წილის მფლობელია ანდრია აბაშიძე და შპს "უნივერსალ ბიზნეს ჯგუფს", რომლის 33-33% წილის მფლობელები არიან ანდრია და ლევან აბაშიძეები, დღიდან დაარსებისა აქტივობა არ განუხორციელებიათ და არანაირი შემოსავალი არ მიუღიათ (დაინტერესების შემთხვევაში გადამოწმება შესაძლებელია). თქვენს პუბლიკაციაში დასახელებული კიდევ ერთი კომპანია - შპს "ედ პლიუსი", რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ანდრია აბაშიძე, 2016 წლის 8 ნოემბერს არის დარეგისტრირებული და, შესაბამისად, ინფორმაცია მის შესახებ ჩემს 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ვერც აისახებოდა. თუ ჩემი ქმედებით თუ უმოქმედობით ქონებრივ დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემების შეტანა დადასტურდება, მზად ვარ პასუხი ვაგო კანონმდებლობის შესაბამისად.“ - აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები