წვდომის მენიუ

ნოემბერი 10, 2016 16:31

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი ITU-ის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად აირჩიეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი რატი სხირტლაძე ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ექსპერტთა ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც ქვეყნების ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსის (IDI) დათვლის მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაზე იმუშავებს.

ICT განვითარების მიხედვით IDI  ქვეყნების რეიტინგს წარმოადგენს, რომელსაც ITU ყოველწლიურად აქვეყნებს. გასული პერიოდის მონაცემების შესაბამისად, ყველაზე მაღალი რეიტინგი სამხრეთ კორეას აქვს, მას მოსდევს დანია და ისლანდია. საქართველო აღნიშნულ სიაში 78-ე ადგილს იკავებს.

ექსპერტთა ჯგუფის წევრები ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების (EGTI) და შინამეურნეობის ინდიკატორების (EGH) ექსპერტები იქნებიან. ექსპერტების რაოდენობა ლიმიტირებულია. ამასთან, ჯგუფის წევრები დაბალანსებულად უნდა წარმოადგენდნენ მსოფლიოს ყველა რეგიონს, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებს.

სამუშაო ჯგუფი მუშაობას 2016 წლის ნოემბერში დაიწყებს და ანგარიშს 2017 წლის ოქტომბერში წარადგენს.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირი (ITU) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტოა. მისი ერთერთი ფუნქცია, სხვა ფუნქციებთან ერთად, სატელეკომუნიკაციო სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დადგენაა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები