წვდომის მენიუ

ნოემბერი 25, 2016 16:24

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სასტუმრო „რედისონში“  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასააჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიში კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ და სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ეკატერინე ჭახრაკიამ წარადგინეს. მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანს წინა საარჩევნო რეკლამა, წინა საარჩევნო დებატები,  ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, წინა საარჩევნო აგიტაცია წარმოადგენდა. მონიტორინგის ფარგლებში კომისია ასევე აკვირდებოდა გაზეთებს, რომლებიც ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

საანგარიშო პერიოდში, რომელიც მოიცავდა პერიოდს 2016 წლის 8 ივნისიდან 29 ოქტობრის ჩათვლით, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების, ასევე წინა საარჩევნო დებატების მონიტორინგის პროცესში ყურადღება გამახვილებული იყო სამაუწყებლო კომპანიების მიერ სამართლიანობის პრინციპის დაცვით კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის დათმობილ დროზე და მათი წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებაზე. მაუწყებლების მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ობიექტური გარემოებების არარსებობისას, კომისია სწავლობდა ყოველ კონკრეტულ საკითხს და ატარებდა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

შემაჯამებელ ანგარიშში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, იდენტიფიცირებულია პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც, კომისიის აზრით, უახლოეს პერიოდში ანალიზისა და საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს საკანონმდებლო თუ სარეგულაციო ნორმების დახვეწის მიზნით.

 

ღონისძიებას მაუწყებლების, ცესკოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

პრეზენტაციის სრული ვერსია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.              

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები