წვდომის მენიუ

ნოემბერი 18, 2016 17:19

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საჩივარი დააკმაყოფილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ააიპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ განცხადებით მიმართა და „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებების პროცედურული კუთხით კანონიერების შესწავლა მოითხოვა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქარტიამ შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანოს მის ერთ-ერთ გადაცემაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით მიმართა. ქარტიის მოსაზრებით, სიუჟეტში გასაჯაროვდა არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია - დიაგნოზი. შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების ორგანომ ქარტიის საჩივარი „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვის 10 დღიანი ვადის გაშვების მიზეზით განსახილველად არ მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „სტუდია მაესტროს“ თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ ძალაში დატოვა. ააიპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში მაუწყებლის ქმედების გასაჩივრების 10 დღიანი ხანდაზმულობის ვადა არ მოქმედებს და კომისიას სთხოვა ემსჯელა, დაარღვია თუ არა შპს „სტუდია მაესტრომ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულება.

კომისიამ ააიპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საჩივარი შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ დააკმაყოფილა და ვინაიდან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმისთვის მიმართვის ვადას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, აღნიშნული შესაძლოა გაწერილი იყოს მაუწყებლის თვითრეგულირების ფარგლებში საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების განსაზღვრის დებულებით. კომისიამ მხარეებს განუმარტა, რომ არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, 10 დღიანი ვადა მხოლოდ ფაქტის უსწორობას ეხება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები