დეკემბერი 25, 2015 12:11

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაასრულა EaPeReg ქსელის თავმჯდომარეობის ვადა

2015 წლის განმავლობაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია EaPeReg ქსელს თავმჯდომარეობდა. EaPeReg (EU and Eastern Partnership Electronic Communications Regulators Platform) ქსელი შეიქმნა 2012 წელს, ავსტრიის ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოს ინიციატივითა და ევროკომისიის ხელშეწყობით. EaPeReg ქსელის წევრები არიან: აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართელო, სომხეთი, უკრაინა) და ევროგაერთიანების 12 (ავსტრია, გერმანია, ესპანეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, შვედეთი, ჩეხეთი) ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოები. წელს ქსელს შემოუერთდა მაკედონიის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო (www.eapereg.eu). ქსელის მიზანია აღმოსავლეთ პარტინორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრების ჰარმონიზაცია ევროკავშირის ელექტრონული კომუნიკაციების ბაზართან. კომისიასთან ერთად, ქსელის მუშაობას, მიმდინარე წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა ქსელის ვიცე-თავმჯდომარე, შვედეთის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო.

კომისიის ხელმძღვანელობით, 2015 წლის განმავლობაში, ქსელის ფარგლებში, ჩატარდა 4 სამუშაო შეხვედრა/სემინარი თემებზე:

  1. ფართოზოლოვანი მომსახურების საკითხები - თბილისი, 2015 წლის 10-11 თებერვალი
  2. ტარიფების რეგულირება - მინსკი, 2015 წლის 22-23 აპრილი
  3. ქსელისა და ინფორმაციის უსაფრთხოება - ვილნიუსი, 2015 წლის 7-8 ოქტომბერი
  4. მე-4 თაობის ტექნოლოგიები და მომსახურებები - კიშინიოვი, 3-4 ნოემბერი

სამუშაო შეხვედრები, ისევე, როგორც EaPeReg ქსელის სხვა ღონისძიებები, დაფინანსდა ევროკომისიის მიერ. კომისიის ხელმძღვანელობის პერიოდში, ქსელის ფარგლებში, ჩატარდა 2 (გაზაფხულის და შემოდგომის) პლენარული სესია. გაზაფხულის (24 აპრილი, მინსკი) პლენარულ სესიაზე დამტკიცდა ქსელის 2015 წლის სამუშაო გეგმა და საფუძველი ჩაეყარა 2 საექსპერტო სამუშაო ჯგუფის (ბენჩმარკინგისა და სიხშირული სპექტრის) შექმნას. ბენჩმარკინგის საექსპერტო ჯგუფის მუშაობა დაეხმარება აღმოსავლეთ პარნიორობის ქვეყნებს იმ შეუსაბამობების გამოვლენაში, რომელიც არსებობს აღმოსავლეთ პარნიორობისა და ევროგაერთიანების ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრებს შორის. სიხშირული სპექტრის სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს იმ ერთიან მიდგომებს, რომლებიც არსებობს ევროპაში 700 მჰც სიხშირულ ზოლთან მიმართებით.

შემოდგომის პლენარულ სესიაზე (5 ნოემბერი, კიშინიოვი) არჩეულ იქნა ქსელის 2016 წლის თავმჯდომარე (ბელორუსის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ინფორმატიზაციის სამინისტრო) და ვიცე-თავმჯდომარე (ლატვიის მარეგულირებელი ორგანო); ქსელს, სრული წევრის სტატუსით, შემოუერთდა მაკედონიის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო; ოფიციალურად დამტკიცდა ბენჩმარკინგისა და სიხშირული სპექტრის საექსპერტო ჯგუფები, მათი თავმჯდომარეები და თანა-თავმჯდომარეები (ბენჩმარკინგის საექსპერტო ჯგუფის თავმჯდომარედ შეირჩა მოლდოვას მარეგულირებელი, ხოლო თანათავმჯდომარედ - რუმინეთის მარეგულირებელი; სიხშირული სპექტრის ჯგუფის თავმჯდომარედ დამტკიცდა გერმანიის მარეგულირებელი, ხოლო თანა-თავმჯდომარედ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია); დამტკიცდა 2016 წლის სამუშაო გეგმა; განხილულ იქნა უკრაინის მარეგულირებელი ორგანოს წინადადება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის როუმინგული მომსახურების ერთიანი სივრცის შექმნის თაობაზე და გადაწყდა, შეიქმნას მესამე - როუმინგის საექსპერტო ჯგუფი. ამასთანავე, პლენარული სესიის მონაწილეებმა შეარჩიეს 3 საკითხი ევროკომისიის 2016-2017 წლების პროექტისათვის ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის ფარგლებში.

თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში კომისიამ, როგორც EaPeReg-ის თავმჯდომარემ, მონაწილეობა მიიღო და ქსელის ინტერესები წარმოადგინა:

  • ევროკავშირისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების (EMERG) პლენარულ სესიაში, როგორც დამკვირვებელმა;
  • აღმოსავლეთ პარტინორობისა და ევროკავშირის ქვეყნების ციფრული ბაზრების ჰარმონიზების კვლევის ფარგლებში ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში;
  • ციფრული ეკონომიკის შესახებ ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ პირველ მინისტერიალში;
  • ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების 4 პლატფორმის (BEREC, EMERG, EaPeReg, REGULATEL) პირველ გაერთიანებულ სამიტში. სამიტის მთავარ თემას წარმოადგენდა ფართოზოლოვანი მომსახურების საკითხები. აღნიშნულ სამიტზე, კომისიამ, როგორც EaPeReg-ის თავმჯდომარემ, მარეგულირებლების პლატფორმების ხელმძღვანელებთან ერთად, მიიღო ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია;
  • ევროკომისიის მიერ ინიცირებულ და ორგანიზებულ პირველ პანელურ დისკუსიაში აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნების ციფრული ბაზრების ჰარმონიზების საკითხებზე. აღნიშნულ დისკუსიაზე კომისიამ ევროკომისიას წარუდგინა EaPeReg-ის მიერ შერჩეული საკითხები (ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარება, როუმინგის, ბენჩმარკინგისა და სიხშირული სპექტრის საექსპერტო ჯგუფების მუშაობა), რომლებიც შევიდა ევროკომისიის 2016-2017 წლების აქტივობებში და მოიპოვა დაფინანსება;
  • ელექტრონული კომუნიკაციების დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (IRG) წევრი მარეგულირებლების ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრაში თემაზე: საერთაშორისო როუმინგი - მობილური მომსახურების გამოწვევები: ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების პერსპექტივები.

კომისიამ თავისი, როგორც EaPeReg ქსელის 2015 წლის თავმჯდომარის, მუშაობის ანგარიში წარუდგინა პლენარულ სესიას და შემდეგ - ევროკომისიას. კომისიის მუშაობამ დადებითი შეფასება მიიღო  როგორც ქსელის წევრების, ასევე - ევროკომისიის მიერ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები