ივლისი 05, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ევროკომისიის წევრი ქვეყნების და ლიტვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ლიტვაში, ქალაქ ტრაკაიში გაიმართა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების გარდა, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებმაც, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა, მიიღეს მონაწილეობა.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა, უნივერსალური მომსახურება, ევროკავშირში ლიცენზირების საკითხები, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვა, ინტერნეტ წვდომის მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საქართველოში „მიმდინარე და დაგეგმილი მარეგულირებელი საქმიანობის“ შესახებ პრეზენტაცია  ჩაატარა.

კონფერენციაში მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2011 წლის ბოლომდე  ჩამოყალიბდება ევროკომისიის და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების ერთიანი  ჯგუფი, რომელიც მარეგულირებელი დეკლარაციის ჩამოყალიბებაზე კოორდინირებულად იმუშავებს. დოკუმენტი ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის ელექტრონული კომუნიკაციების სერვისის ჩამოყალიბებას, ასევე დადებითად აისახება ტელესაკომუნიკაციო სფეროს საინვესტიციო გარემოზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები