ოქტომბერი 03, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებელი და რუსეთის სახელმწიფო რადიოსადგური ”ვესტი FM” დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

კომისიის მიერ 2008 წლის 29 აგვისტოს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებელი და რუსეთის სახელმწიფო რადიოსადგური ”ვესტი FM”  საქართველოში , კერძოდ, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში- ქ.ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე ქ. გორსა და მის მიდებარე ტერიტორიაზე ულიცენზიოდ ახორციელებს მაუწყებლობას და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას.

საკითხის განხილვის დღედ დაინიშნა 3 ოქტომბერი 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2008 წლის 15 სექტემბერს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივ მაუწყებელს და რუსეთის სახელმწიფო რადიოსადგურ ”ვესტი FM”-ს. მხარეებს ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების,შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტარციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე ეცნობა, რომ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეული იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

2008 წლის 3 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო რადიოსადგურ ”ვესტი FM”-ის და რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებელის წარმომადგენლები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობისა  და რადიოსიხშირული სპექტრის  უკანონოდ გამოყენება დადასტურებულ ფაქტად აღიარა, საქმეზე დართული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად და ამ ქმედებათა განხორციელების გამო რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივ მაუწყებელს და რუსეთის სახელმწიფო რადიოსადგური ”ვესტი FM”-ს  ცალ-ცალკე დააკისრა ჯარიმა 50,000.00 ლარის ოდენობით, აგრეთვე მოსთხოვა დაუყონებლივ შეწყვიტონ ულიცენზიო მაუწყებლობა და რადიოსიხშირული სპექტრის უნებართვოდ გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები