ოქტომბერი 03, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამი საერთო სახეობის სამაუწყებლო ლიცენზია უკვე გასცა, ხოლო ორი ლიცენზიის გაცემის მიზნით წარმოება მიმდინარეობს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით ტელერადიო სამაუწყებლო პრიორიტეტები დაადგინა და სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემა განაახლა, საკაბელო ქსელის გამოყენებით საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზია ორ კომპანიაზე, შპს „იგრიკა“ და „საქართველოს ტელემაუწყებლობა ივერიაზე“ გასცა, გარდა ამისა, საკაბელო ქსელის გამოყენებით საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას შპს „გაზეთ 1001 განცხადება “ ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღებს (რა თქმა უნდა თუ რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება არ გამოვლინდა წარმოების პროცესში).

კომისიამ რადიომაიუწყებლობის ლიცენზიაც გასცა, შორენა შავერდაშვილის კომპანიამ შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ ქ. თბილისში საერთო სახეობის რადიომაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა და პრაქტიკული საქმოანობის დაწყებას 2012 წლის მარტის თვიდან გეგმავს. შორენა შავერდაშვილი ახალი რადიო FM 98.5 იმაუწყებლებს და  მსმენეს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას შესთავაზებს: ახალი ამბები, საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემები, საგანმანათლებლო–შემეცნებითი გადაცემები, ახალგაზრდული გადაცემები, საბავშვო გადაცემები, გასართობი გადაცემები და ბოლოს, სპორტული გადაცემები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კონკურსი კიდევ ერთ საერთო სახეობის რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოაცხადა. ქ. თერჯოლაში FM 100.6 სიხშირის სამაუწყებლო ლიცენზიის მიღების  მსურველებმა კომისიაში განცხადებები 2011 წლის 31 ოქტომბრის, 17:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ, საკითხის ზეპირი მოსმენა კი 2011 წლის 4 ნოემბერს გაიმართება, კონკურსის ჩატარების თარიღად  2011 წლის 2 დეკემბერია განსაზღვრული.

გარდა ამისა, რამდენიმე მაუწყებელმა სატელიტით მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა, მათ შორის: რადიო „მაესტრო“, ტელეკომპანია „თრიალეთმა“ და ტელეკომპანია „25–ე არხმა“.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები