ივნისი 05, 2015 14:54

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომი“ არასათანადო და შეცდომაში შემყვანი კომერციული რეკლამის განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომი“ არასათანადო და შეცდომაში შემყვანი კომერციული რეკლამის განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა.

კომისიამ აღნიშნულ საკითხზე წარმოება  კოალიცია მედია ადვოკატირებისათვის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. კომერციულ რეკლამაში „მაგთიკომი“ მომხმარებელს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას სთავაზობს, შემდეგი ტექსტით: „17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და გაითიშება ანალოგური მაუწყებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს, ნუ დაელოდებით 17 ივნისს, ჩაერთეთ მაგთისატში, დღესვე გადადით ციფრულ მაუწყებლობაზე და უყურეთ მრავალფეროვან ქართულ და უცხოურ ტელეარხებს, მაგთისატი პირველი ციფრული თანამგზავრული მაუწყებელი“.

კომისიამ საკითხის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ სარეკლმაო რგოლი არასათანადოა და შეცდომაში შემყვანია, რადგან პოტენციურ მომხმარებელს არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას მომსახურების შესახებ, რადგან „სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე“ ქართულ არხებს ვერ უყურებს მოსახლეობის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დღეს მაუწყებლობას ღია ეთერით იღებს და ამავე დროს, შედარებით მოძველებული მოდელის ტელევიზორი აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებით სარგებლობს (საკაბელო ოპერატორების) ან/და ციფრული სიგნალის მიღების მხარდაჭერით აღჭურვილი თანამედროვე ტელევიზორი აქვს სპეციალური ციფრული დეკოდერი არ დაჭირდება და 2015 წლის 17 ივნისიდანაც გააგრძელებს ქართული პროგრამების მიღებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „მაგთიკომს“ წერილობით გაფრთხილება დაეკისრა და დაევალა არასათანადო და შეცდომაში შემყვანის სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები