დეკემბერი 18, 2008

საქართველოში "მეგაფონის" არალეგალური საქმიანობისთვის დაკისრებული ჯარიმა სასამართლომ ძალაში დატოვა

 

 

რუსული კავშირგაბმულობის კომპანია ”მეგაფონმა” საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სხვა ტერიტორიებზე,  ულიცენზიო საქმიანობისთვის დაკისრებული ჯარიმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ კომპანიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეს ბოლო სასამართლო გადაწყვეტილებაა, რომელიც ამტკიცებს 2005 წლიდან მეგაფონი უკანონო საქმიანობას  საქართველოს ტერიტორიაზე.

 

”მეგაფონის დენადი ხასიათის ულიცენზიო საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური ანექსიის შეფასება მიეცა, მიუღებელია და უნდა დაიგმოს მისი ევროპელი თანამფლობელებისგან” - განაცხადა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი არველაძემ. საგულისხმოა, რომ შვედური კომპანია ”ტელეასონერა”, რუსული კომპანია  ”მეგაფონის” 43.8 % მფლობს. ” საქართველოში აგვისტოს თვეში განხორციელებული რუსული ინტერვენციის დროს რადიოსიხშურილი სპექტრის უკანონო გამოყენებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რაც საფუძველია სერიოზული საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებისა”.

 

საქართველოს ტერიტორიაზე ”მეგაფონის” ულიცენზიო საქმიანობამ საერთაშორისო მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო. კრემლის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი თავის უკანასკნელ გამოსვლაში, ჰადსონის  ინსტიტუტში (ვაშინგტონი ა.შ.შ) შეეხო ამ საკითხს. განხილვისას ილარიონოვმა განაცხადა, რომ ”მეგაფონი” უზრუნველყოფდა რუსეთის სამხედრო ძალების უსაფრთხო კავშირგაბმულობას კონფლიქტის დაწყებამდე და კონფლიქტის შემდეგ. მან ასევე დაამატა, რომ კომპანიის მფლობელი ლეონიდ რეიმანი ოფიციალურ მოსკოვთან დაახლოებული პირია.

 

თავდაპირველად ”მეგაფონი” ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ნაწილს, კერძოდ ქალაქ ცხინვალსა და ჯავის რაიონს ფარავდა. საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსული ინტერვენციის დროს კი კომპანიის დაფარვის არიეალი გაფართოვდა და კონფლიქტის ზონას გასცდა. კერძოდ, რუსული კომპანიის მიერ დაფარვის ზონამ მოიცვა მთლიანად ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია და გასცდა მის ადმინისტრაციულ საზღვრებსაც - მოიცვა გორისა და ქარელის რაიონები. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 23 აგვისტოს შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში დაფიქსირებულია საქართველოს რადიოსიხშირული სპექტრის უნებართვოდ გამოყენების ფაქტი, რაც ასევე ტექნიკურ პრობლემებს უქმნიდა საქართველოში ავტორიზირებულ კომპანიების, ”მაგთიკომისა” და ”ჯეოსელის”, მიშაობას.

 

სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების თანახმად ”მეგაფონმა” დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიაზე ულიცენზიო საქმიანობა და გადაიხადოს ჯარიმა 350 000 ა.შ.შ დოლარის ოდენობით.

 

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვალდებულებაა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ნებისმიერი კომპანიის უკანონო ქმედება აღკვეთოს. დადასტურებულია რომ მეგაფონმა უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა”- დასძინა გიორგი არველაძემ. ” ჩემი აზრით, პოზიტიური ნაბიჯია, რომ კომპანია აღიარებს საქართვბელოს იურისდიქციას და ვიმედოვნებთ რომ კომპანიის ევროპელი მფლობელები ჩაერთვებიან პროცესში და აღკვეთენ კომპანიის უკანონო ქმედებებს ” - დაამატა არველაძემ.

 

საქმესთან დაკავშირებული ყველა მასალა გადაგზავნილია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს ყველა ღონისძიებას რათა აღკვეთოს ნებისმიერი დარღვევა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები