ივლისი 17, 2014 19:16

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ICANN-ის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ–კორპორაციის (ICANN) ვიცე–პრეზიდენტი მიხეილ იაკუშევი იმყოფებოდა.

ICANN-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ მიიღო. მხარეებმა საქართველოსთვის ინტერნეტის მმართველობის ფორუმში (IGF – the Internet Governance Forum) და ასევე, ინტერნეტის მმართველობის საკითხებზე ევროპულ დიალოგში (EuroDIG - The European Dialogue on Internet Governance) აქტიური თანამშრომლობის, ჩართვის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ICANN-ის მხადაჭერით საზოგადოებაში ინტერნეტის ცოდნის ამაღლების უზრუნველსაყოფად სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბებას და საქართველოში IPv6–ის დანერგვის (ინტერნეტის პროტოკოლის მე-6 ვერსია) პერსპექტივას.

ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიხეილ იაკუშევი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშილს შეხვდა. ICANN-ის ვიცე-პრეზიდენტმა მონაცემთა გაცვლის სააგენტო „დეას“ წარმომადგენლებთან  და „კავკასუს ონლაინის“ – .GE დომენის ადმინსტრაციასთანაც გამართა შეხვედრები.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები