ოქტომბერი 09, 2014

საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე ახალი ზღვრული ტარიფები დაწესდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების  ტერმინაციაზე (ზარის განხორციელება) ახალი ქვედა ზღვრული ტარიფები დააწესა.

გადაწყვეტილების თანახმად, უსადენო (მობილურ) ქსელის მფლობელი ოპერატორისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ქვედა ზღვრული ტარიფი 0.20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრა. სადენიანი (ფიქსირებული) ქსელის მფლობელი ოპერატორებისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ქვედა ზღვრულმა ტარიფმა 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგინა.

რაც შეეხება იმ ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც საკუთარი უსადენო თუ სადენიანი ქსელი არ გააჩნიათ და ეწევიან საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებას, ასეთი კომპანიებისთვის უსადენო (მობილურ) ქსელის მფლობელი ოპერატორის ქსელში საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარების ერთი წუთის ქვედა ზღვრული ტარიფი 0.16 აშშ დოლარის ექვივალენტი   საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სადენიანი (ფიქსირებული) ქსელის მფლობელი ოპერატორის ქსელში ტარიფმა 0.09 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგინა.

კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღო და პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მობილური, ისე ფიქსირებული და საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები