დეკემბერი 31, 2015 17:15

საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე ზღვრული ტარიფები მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის შეცვალა და მოქმედების ვადა მომდევნო ექვსი თვით გააგრძელა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების  ტერმინაციაზე (ზარის განხორციელება) ქვედა ზღვრული ტარიფები მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის გაზარდა და მოქმედების ვადა მომდევნო ექვსი თვით გააგრძელა. ტარიფი ძალაში 2016 წლის პირველ თებერვალს შედის.

გადაწყვეტილების თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ზალაუფლების მქონე მობილური ოპერატორისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ქვედა ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 0.25 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. ფიქსირებული ქსელის მფლობელი მნიშვნელობანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ქვედა ზღვრულმა ტარიფმა 0.15 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგინა.

რაც შეეხება იმ ავტორიზებულ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებს და ეწევიან საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებას (ტრანზიტორი კომპანიები), ასეთი კომპანიებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩა და უსადენო (მობილურ) ქსელის მფლობელი ოპერატორის ქსელში საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარების ერთი წუთის ქვედა ზღვრული ტარიფი 0.16 აშშ დოლარის ექვივალენტი   საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სადენიანი (ფიქსირებული) ქსელის მფლობელი ოპერატორის ქსელში ტარიფმა 0.09 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგინა.

კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღო და პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მობილური, ისე ფიქსირებული და საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები