ივნისი 27, 2011

სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები სარეკლამო რგოლების სტანდარტის ჩამოყალიბებაზე იმუშავებენ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელის“ და შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ საჩივარი განიხილა.

კომისიას საჩივრით კომპანია „მაგთიკომმა“ მომართა. შპს “მაგთიკომის“ პრეტენზია ეხება შპს “ბილაინის“ სატარიფო გეგმას “nonsstop“ და შპს “ჯეოსელის“ ერთ თეთრიან ტარიფებს, ასევე, SMS-ით, MMS-ით 100 კბ. ინტერნეტის პაკეტით სარგებლობის ერთ თეთრიან ტარიფებს. „მაგთიკომის“ ინფორმაციით, აღნიშნული მომსახურებების შესაბამისი სარეკლამო რგოლები მცირე ზომის შრიფტისა და დროის სიმცირის გამო მომხმარებლებისათვის ძნელად აღქმადია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სხდომაზე სამივე კომპანიის წარმომადგენლის პოზიცია მოისმინა,  შპს ”ჯეოსელს” და შპს „მობიტელს“ დაავალდებულა  ტელევიზიით გავრცელებული ყველა სარეკლამო რგოლის (სამაუწყებლო რეკლამის) საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის (მომხმარებლისათვის) ადვილად აღქმადი ფორმით დამზადებული სახით განთავსება. კომისიამ განუმარტა კომპანიებს, რომ მათ მიერ სატელევიზიო და რადიო სივრცეში განთავსებული ყველა სარეკლამო რგოლის გადამოწმება და კორექტირება უნდა მოახდინონ. მომხმარებელს სარეკლამო რგოლის მოსმენისას ნათელი და არსებითი წარმოდგენა უნდა შეექმნას შეთავაზებული მომსახურების პირობების შესახებ. კომისიამ დამატებით განმარტა, რომ რეკლამა უნდა იყოს საზოგადოების უმრავლესობისთვის ადვილად აღქმადი და გასაგები.

როგორც, მოგეხსენებათ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კომისიას ერთი ოპერატორი კონკურენტი კომპანიის წინააღმდეგ მსგავსი საჩივრით მომართავს. ამიტომ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ინიციატივით, სხდომაზევე მოხდა შეთანხმება, რომ ჩამოყალიბდება მუშა ჯგუფი, რომელიც ყველა მოქმედი ოპერატორისთვის მისაღებ სახელმძღვანელო ფორმას შეიმუშავებს, თუ რა ზომის და ხანგრძლივობის უნდა იყოს სარეკლამო რგოლებში ტექსტური ნაწილი.

მუშა ჯგუფში ჩართული იქნება სამივე მობილური ოპერატორი, ასევე ფიქსირებული ქსელის მსხვილი ოპერატორები, „სილქნეტი“ და „ახალი ქსელები“, გარდა ამისა, ყველა დაინტერესებულ მცირე ზომის ოპერატორს შეუძლია ჩაერთოს ამ პროცესში. კომისიის მხრიდან, კი კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის და მომხმარებელთა  უფლებების დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

სხდომაზე ასევე, განისაზღვრა დოკუმენტის შემუშავებისთვის ვადა. მხარეებმა, ურთიერთშეთანხმებული დოკუმენტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ორი კვირის ვადაში უნდა წარუდგინონ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები