სექტემბერი 21, 2017 13:34

„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს“ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესის დაარღვევის გამო კომისიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს“ წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესის დაარღვევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.

2017 წლის 13 სექტემბერს საარჩევნო ბლოკმა „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა განსათავსებლად წარუდგინა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს“. ორივე მაუწყებელმა მისთვის წარდგენილი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე განაცხადა უარი და აღნიშნეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა შეიცავდა კომერციული რეკლამის ელემენტებს - ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის ნიშნებს.

2017 წლის 15 სექტემბერს საარჩევნო ბლოკმა „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ მიმართა კომისიას „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის“ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის მოთხოვნით.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“   51-ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავიანთ ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყონ წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე–2 მუხლის ჯ) პუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ნ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომერციული რეკლამა არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების მიმართ ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას, ხოლო „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა ნიშნავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, ასევე ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით გავრცელებულ მასალას ან/და ქმედებას, რომლის მიზანია ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების პროპაგანდა.

კომისიამ, მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, შეისწავლა საარჩევნო ბლოკის „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ წარდგენილი რეკლამა და მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლი არ ეწინააღმეგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტით განსაზღვრულ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დეფინიციასა და კრიტერიუმებს და ამასთან, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი რეკლამის მიზანს არ წარმოადგენს რეკლამაში აღნიშნული კონკრეტული პრეპარატის რეალიზაციის ხელშეწყობა და იგი მიზნად არ ისახავს ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების პროპაგანდას.

აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს, ხოლო „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ვრცელდება პოლიტიკურ რეკლამაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. ამავე კანონის 83-ე მუხლის და 93-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული კანონით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და წარუდგენს საქალაქო სასამართლოს განსახილველად.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის (წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)) მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. ამასთან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 79-ე მუხლის და 93-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ცესკოს თავმჯდომარე, აგრეთვე ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები).

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლიდან გამომდინარე, მაუწყებელმა უნდა შეისწავლოს პოლიტიკური პარტიის მიერ განსათავსებლად წარდგენილი სარეკლამო რგოლის კანონთან შესაბამისობა და შემდგომ პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობის ფარგლებში განათავსოს ან არ განათავსოს წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი ეთერში. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხიმგებელია წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთი პოლიტიკური სუბიექტი, მაუწყებელი უფლებამოსილია სადავო შინაარსის მქონე წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის თაობაზე მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ საარჩევნო ბლოკის „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე უარის თქმით დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“   51-ე მუხლის მე–5 პუნქტი.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93–ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ ამ კანონის 82-ე და 83-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეუდგინა ორივე მაუწყებელს და შესაბამის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა განსახილველად.

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები