წვდომის მენიუ

ივლისი 04, 2016 11:16

შესაბამისობის დეკლარაციაში ცვლილებები შევიდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები შესაბამისობის დეკლარაციის ფორმებში ასახა.

ცვლილების თანახმად, რომელიც 2016 წლის პირველი ივლისიდან შევიდა ძალაში, საქართველოში მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირება/ავტორიზება ეკრძალება უცხო ქვეყნის პოლიტიკურ პარტიას ან მის თანამდებობის პირს. ასევე, უცხო ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოს, თანამდებობის პირს, საჯარო მოხელეს და ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს, გარდა იმ შემთხვევისა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია სალიცენზიო ან/და ავტორიზაციის განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;

გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;

დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი;

ზ)პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია იხილეთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები