აგვისტო 22, 2014 11:14

შეტყობინება შპს „ქედი სტუდიოს“

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არა ერთი მცდელობის მიუხედავად შპს „ქედი სტუდიისთვის“ წერილის ჩაბარება ვერ შეძლო.  

კომპანიის წარმომადგენლები უარს აცხადებენ კომისიის ოფიციალური წერილის ჩაბარებაზე. ამიტომ, კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე საჯაროდ ქვეყნდება შპს „ქედი სტუდიისთვის“ გაგზავნილი წერილის შინაარსი:

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, გატყობინებთ, რომ 2014 წლის 27 აგვისტოს, 16 საათზე, მისამართზე: 0144 ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18, გაიმართება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში ,,კომისია“) სხდომა, სადაც განიხილება შპს „ქედი სტუდიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო (საფუძველი: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 30 ივლისის №10/1234-14 სამსახურებრივი ბარათი).

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღია 2014 წლის 19 აგვისტო. გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ კომისიაში წარადგინოთ მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოთ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები. 

გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა კომისიის სხდომასა და ადმინისტრაციულ წარმოებაში.“

კომისია მიიჩნევს, რომ წერილის ვეგბერდზე (www.gncc.ge) და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე გამოქვეყნება, მისი შინაარსის შპს „ქედი სტუდიოთვის“ გაცნობის ალტერნატიული ფორმაა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები