წვდომის მენიუ

ივნისი 28, 2016 10:52

შპს „ჯეოსელის“ მიმართ მომხმარებლის საჩივარის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება მორიგებით დასრულდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მომხმარებელ თ.ს.-ს განცხადების საფუძველზე შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მორიგებით დასრულდა.

საქმესთან არსებული მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ  აბონენტ თ.ს-ს შპს ,,ჯეოსელთან“ ხელშეკრულება 2010 წლის 27 მაისიდან ჰქონდა გაფორმებული. 2012 წლის 26 მარტიდან შპს ,,ჯეოსელმა“ შეცვალა სააბონენტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც,  იმ შემთხვევაში, თუ ლაი-ლაის აბონენტი თანხის ბოლო ჩატვირთვიდან 150 დღის განმავლობაში არ ჩარიცხავს თანხას ნომრის ანგარიშზე კომპანია 151-ე დღიდან ხელშეკრულებას ავტომატურად აუქმებს. აბონენტმა თ.ს.-მ 2012 წლის 10 მარტს სააბონენტო ხელშეკრულების მოსალოდნელი ცვლილებისა და ხელშეკრულების პირობების თაობაზე ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღო. შპს „ჯეოსელის“ განცხადებით, აბონენტმა ნომერზე თანხა ბოლოს  2015 წლის 27 თებერვალს ჩარიცხა, რის გამოც, აბონენტის დამატებით ინფორმირების გარეშე მის მიერ თანხის ბოლო ჩარიცხვიდან 151-ე დღეს - 2015 წლის 30 ივლისს, ხელშეკრულება ავტომატურად გაუქმდა.

აბონენტის მოთხოვნა გაუქმებული საბონენტო ნომრის აღდგენა ან ალტერნატიული საბონენტო ნომრის შეთავაზება იყო. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „ჯეოსელმა“ მომხმარებელ თ.ს.-ს ალტერნატიული სააბონენტო ნომერი შესთავაზა, რასაც მხარე დაეთანხმა და საკითხი მორიგებით დასრულდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიიჩნევდა, რომ შპს „ჯეოსელს“ მომსახურების შეზღუდვამდე, ასევე მომსახურების შეწყვეტამდე მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა კომისიაში ვერ შეძლო, რომელიც განსაზღვრულია  კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით. შპს „ჯეოსელს“ განემარტა, რომ მიუხედავად ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა კომპანია ვალდებულია დანერგოს აბონენტების ინდივიდუალური შეტყობინენის მიწოდების  ეფექტიანი სისტემა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები