ნოემბერი 27, 2014 18:42

შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს ლიცენზიის მოდიფიცირებისსაჯარო ადმინისტრაციული წარმოება დროებით შეწყდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს განცხადების საფუძველზე კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დროებით შეაჩერა.

კომისიამ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს დასაბუთებული მოთხოვნის გათვალისწინებით 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით  საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო კომპანიის კუთვნილი №B15 და №B125 ლიცენზიების სპეციალიზებული („გასართობი“) ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირების მიზნით. კომპანიამ საკითხის არსებითი განხილვის სხდომამდე კომისიაში ახალი  წერილობითი განმარტება წარმოადგინა, სადაც ნათქვამია, რომ ტექნიკური მიზეზების გამო კომპანია 2015 წლის თებერვლამდე ვერ უზრუნველყოფს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პროგრამების სრულყოფილად მომზადებას, რის გამოც მოითხოვა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება.

კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს განცხადება და კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა იმ დრომდე, ვიდრე კომპანია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განახლების თაობაზე ხელახალ წერილობით განცხადებას არ წარმოადგენს კომისიაში.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები