ნოემბერი 26, 2015 15:05

შპს „მობიტელი“, („ბილაინი“) მსჯავრდებულს სააბონენტო ნომერს აღუდგენს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვის საფუძველზე  შპს „მობიტელის“ („ბილაინი“) წინააღმდეგ დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მორიგებით სრულდება.

კომისიამ საკითხის განხილვა შემდეგი გარემოებების გამო დაიწყო: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული ნ.ს. თავისუფლების აღკვეთამდე იყო შპს „მობიტელის“ („ბილაინის“) აბონენტი. თავისუფლების აღკვეთის შემდგომ,  მობილური ტელეფონი, სატელეფონო სიმ-ბარათთან (ნომრით 571 09 0X XX) ერთად  7-8 თვის განმავლობაში ინახებოდა საგამოძიებო სამსახურში და განმცხადებლის ოჯახის წევრები სატელეფონო ნომრის შენარჩუნების მიზნით, სააბონენტო ნომრის ბალანსზე სისიტემატურად რიცხავდნენ თანხას. მიუხედავად ამისა, სატელეფონო ნომერი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩამოერთვა ნ.ს.-ს და გასხვისდა სხვა პირზე.   

2015 წლის 12 ნოემბერს კომისიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე, შპს „მობიტელმა“ (“ბილაინმა“) მზაობა დაადასტურა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე, მოგვიანებით კი კომპანიამ წარმოადგინა  შპს „მობიტელის“ მხრიდან ხელმოწერილი ხელშეკრულების ფორმა აბონენტ ნ.ს.-სთვის საბონენტო ნომერი - 571 09 0X XX დაბრუნების თაობაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს „მობიტელის“ („ბილაინის“) მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებას გადააგზავნის  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ  ნ.ს.-სთან. ხელშეკრულებაზე მოქალაქე ნ.ს. მიერ ხელმოწერის შემდეგ და  შედეგად სადავო საკითხის ამოწურვის გამო კომისიაში ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელის“, („ბილაინის“) წინააღმდეგ შეწყდება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები