ივლისი 25, 2014 16:05

შპს „ქედი სტუდია“ კომისიის წერილს არ იბარებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არა ერთი მცდელობის მიუხედავად შპს „ქედი სტუდიისთვის“ წერილის ჩაბარება ვერ შეძლო.  

კომპანიის წარმომადგენლები უარს აცხადებენ კომისიის ოფიციალური წერილის ჩაბარებაზე. ამიტომ, კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე საჯაროდ ქვეყნდება შპს „ქედი სტუდიისთვის“ გაგზავნილი წერილის შინაარსი:

„გაცნობებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2014 წლის 23 ივნისს შემოსულია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N6/4176–14) შპს „ქედი სტუდიოს“ (STAR FM) მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის შესახებ. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ქედი სტუდიოს“ მიერ პირდაპირ ეთერში ხორციელდებოდა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება, რისი ექსკლუზიური უფლების მფლობელიც საქართველოს ტერიტორიაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელია“. გთხოვთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვენი შეპასუხება კომისიაში წარმოადგინოთ 3 სამუშაო დღის ვადაში.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49–ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები. გთხოვთ, ზემოაღნიშნულ ვადაში, კომისიაში წარმოადგინოთ უკანასკნელი 1 თვის არქივი ციფრულ მატარებელზე.“

კომისია მიიჩნევს, რომ წერილის ვეგბერდზე (www.gncc.ge) და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე გამოქვეყნება, მისი შინაარსის შპს „ქედი სტუდიათვის“ გაცნობის ალტერნატიული ფორმაა. შპს „ქედი სტუდიის“ მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იმოქმედებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები