მარტი 17, 2014

შპს “სპექტრის“ ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სპექტრის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისრაიული წარმოება დაიწყო.

შპს „სპექტრი“  ბორჯომის, ახალციხის, აბასთუმანის, ასპინძის, წალკის, ნინოწმინდის და ახალქალაქის გეოგრაფიულ ზონებში მაუწყებლობის ლიცენზიას (№B77) ფლობს. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ საკითხის შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ შპს „სპექტრი“  სამაუწყებლო სიგნალს ავრცელებს მხოლოდ ნინოწმინდის მე-8 სატელევიზიო არხზე და ახალქალაქში მე-12 სატელევიზიო არხზე. სხვა გეოგრაფიულ ზონებში „სპეტრის“ სიგნალის გავრცელება არ ფიქსირდება.

გარდა ამისა, იმ სამაუწყებლო ზონებში სადაც ფიქსირდება ტელეკომპანიის სიგნალის გავრცელება, „სპექტრი“ საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით დამზადებული ტელეპროდუქციით არ მაუწყებლობს. კომპანია ნინოწმინდაში მე-8 სატელევიზიო არხზე ტელეარხ „Иллюзион+“–ის რეტრანსლირებას ახდენს, ხოლო ახალქალაქში მე-12 სატელევიზიო არხზე ხორციელდება სამაუწყებლო არხ „РЕН ТВ“–ს  ტრანზიტი. აღნიშნული დოკუმენტურად დასტურდება 2013 წლის 10 და 11 სექტემბერს, ასევე 17 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესწავლის საფუძველზე.

ამავე დროს, შპს „სპექტრი“ კომისიის ერთიან სტატისტიკურ ბაზაში არ ავსებდა ფინანსური ანგარიშგების ფორმებს, ასევე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტში დაცული ინფორმაციის შესაბამისად, კომპანიას 2012 წლის დეკემბრის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება. კომპანიას, ასევე გააჩნია სალიცენზიო გადასახადის დავალიენბა 4,991.76 ლარის ოდენობით.

მოგეხსენებათ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,  სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით, ან ერთი წლის განმავლობაში 120 დღით, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი ხდება.

სწორედ ზემოთ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სპექტრის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების მიზნით.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის  14 აპრილს 16.00 საათზე გაიმართება. სხდომაზე მოწვეულნი იქნებიან შპს „სპექტრის“ წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებულ პირს   საკუთარი პოზიციის დაფიქსირების  საშუალება ექნება.

სხდომა საჯაროა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები