აპრილი 24, 2014

შპს „სპექტრის“ სამაუწყებლო ლიცენზია გაუქმდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სპექტრის“ სამაუწყებლო ლიცენზია გააუქმა.

შპს „სპექტრი“  ბორჯომის, ახალციხის, აბასთუმანის, ასპინძის, წალკის, ნინოწმინდის და ახალქალაქის გეოგრაფიულ ზონებში მაუწყებლობის ლიცენზიას (№B77) ფლობდა. ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას საფუძვლად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების მონიტორინგის შედეგები დაედო. მონიტორინგი შედეგად გაირკვა, რომ შპს „სპექტრი“  სამაუწყებლო სიგნალს ავრცელებს მხოლოდ ნინოწმინდის მე-8 სატელევიზიო არხზე და ახალქალაქში მე-12 სატელევიზიო არხზე. სხვა გეოგრაფიულ ზონებში „სპეტრის“ სიგნალის გავრცელება არ ფიქსირდებოდა.

გარდა ამისა, იმ სამაუწყებლო ზონებში სადაც ტელეკომპანიის სიგნალი ვრცელდებოდა, „სპექტრი“ საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით დამზადებული ტელეპროდუქციით არ მაუწყებლობდა. კომპანია ნინოწმინდაში მე-8 სატელევიზიო არხზე ტელეარხ „Иллюзион+“–ის რეტრანსლირებას ახდენდა, ხოლო ახალქალაქში მე-12 სატელევიზიო არხზე  სამაუწყებლო არხ „РЕН ТВ“–ს  ტრანზიტს. აღნიშნული დოკუმენტურად დასტურდება 2013 წლის 10 და 11 სექტემბერს, ასევე 17 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესწავლის საფუძველზე.

ამავე დროს, შპს „სპექტრი“ კომისიის ერთიან სტატისტიკურ ბაზაში არ ავსებდა ფინანსური ანგარიშგების ფორმებს, ასევე კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტში დაცული ინფორმაციის შესაბამისად, კომპანიას 2012 წლის დეკემბრის თვის შემდეგ არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, რის გამოც ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება. კომპანიას, ასევე გააჩნია სალიცენზიო გადასახადის დავალიენბა 9 983.64 ლარის ოდენობით.

მოგეხსენებათ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,  სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით, ან ერთი წლის განმავლობაში 120 დღით, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი ხდება.

სწორედ ზემოთ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შპს „სპექტრის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები