ივნისი 20, 2011

შპს„ახალ ქსელებსა“ და სს„სილქნეტს“ შორის 5 წლიანი დავა მორიგებით დასრულდა

შპს „ახალ ქსელებსა“ და სს „სილქნეტს“ შორის არსებული 5 წლიანი დავა მორიგებით დასრულდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს.

დავა შპს „ახალ ქსელებსა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კოპმანიას“ შორის ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. მას შემდეგ, სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კოპმანიამ“ სახელწოდება ორჯერ შეიცვალა, ჯერ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ დაერქვა,  დღეს კი ბაზარზე კომპანია სს „სილქნეტის“ სახელწოდებით ოპერირებს. ამ წლების მანძილზე მხოლოდ დავის საგანი არ შეცვლილა, საუბარია კომპანია შპს „ახალი ქსელების“ (როგორც თავად განმარტავს) სპილენძის  სატელეფონო კაბელზე, რომელიც კომპანია სს „სილქნეტის” საკანალიზაციო არხში არის ჩადებული. კომპანია „ახალი ქსელები“ ხუთი წლის განმავლობაში აღნიშნული კაბელის დემონტაჟს (საკანალიზაციო არხიდან ამოღებას) ითხოვდა. 

 მორიგების თერთმეტ პუნქტიან დოკუმენტს ხელს შპს „ახალი ქსელების“ და სს „სილქნეტის“  გენერალური დირექტორები, ავთანდილ იაშვილი და გიორგი ღუღუნიშვილი აწერენ. დოკუმეტი სამ, ერთნაირი ძალის მქონე ეგზემპლარად არის შედგენილი და მხარეების გარდა, ერთი ეგზემპლარი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიც არის წარმოდგენილი.

დოკუმენტში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მხარეთა უფლებები და მოვალეობები, ერთის მხრივ სს „სილქნეტი” იღებს ვალდებულაბას მისცეს საშუალება კომპანია „ახალ ქსელებს“ მისი კუთვნილი საკაბელო მეურნეობის დემონტაჟისა, მეორეს მხრივ, შპს „ახალი ქსელები“ ამ პროცედურასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს საკუთარ თავზე იღებს.  მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ სამომავლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით დავას აღარ აწარმოებენ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობების შესრულებას გაუწევს კონტროლს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დავის ყველა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული პროცესში და მიგვაჩნია, რომ მხარეებს შორის დავის მორიგებით გადაწყვეტა საუკეთესო შედეგია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები