ივლისი 23, 2013

„სილქნეტის“ და „ბილაინის“ ლიცენზიებს ვადა გაუგრძელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სილქნეტის“ და „ბილაინის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელა.

სს „სილქნეტის“ სარგებლობაში არსებულ NF11 ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით 2023 წლის 23 ივლისამდე გაუგრძელდა. კომპანია NF11 ლიცენზიას მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის ფლობს, ლიცენზიის მოქმედების გეოგრაფიული არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა. „სილქნეტს“ ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 11,938,941.64 (თერთმეტი მილიონ ცხრაასოცდათვრამეტი ათას  ცხრაასორმოცდაერთი  და 64) ლარის გადახდა მოუწევს.

„ბილაინის“ NF5 ლიცენზიის (იურიდიული სახელწოდება შპს „მობიტელი“) ვადის მომდევნო ათი წლით გაგრძელების გადაწყვეტილებაც მიიღო კომისიამ და კომპანიას საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 16,177,427.70  (თექვსმეტი მილიონ ასსამოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასოცდაშვიდი  და 70) ლარის გადახდა დაეკისრა. „ბილაინი“ NF5 ლიცენზიას მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის უზრუნველსაყოფად ფლობს. ამ ლიცენზიის მოქმედების გეოგრაფიული არეალიც საქართველოს მთელი ტერიტორიაა.

ორივე კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი ესწრებოდა კომისიის სხდომას და საჯაროდ დაადასტურეს ლიცენზიების მომქმედების ვადის გასაგრძელებლად აღნიშნული თანხების გდახდის მზადყოფნა.

ორივე გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები